მიმდინარე - 2024 წელს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დაფინანსება 210 მლნ. ლარით იზრდება.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საბიუჯეტო პროექტი წარადგინა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა განაპირობა და ნაცვლად დაგეგმილი 5.2%-სა, წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 9%-ს შეადგენს.
რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ მაჩვენებელს, გიორგი კაკაურიძის თქმით, თავდაპირველად მისი მაჩვენებელი 86 მლრდ. ლარამდე იყო დაგეგმილი, თუმცა განახლებული პროგნოზით მისი მოცულობა 90. 9 მლრდ. ლარამდე იზრდება.
კაკაურიძემ ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 218 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 25.616 მლნ. ლარი იქნება, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები 1 207 მლნ. ლარით გაიზრდება. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოცულობა კი 29 700 მლნ. ლარს გადასცდება, რაც სრულად დააფინანსებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად სამინისტროების დაფინანსების გაზრდილი მაჩვენებლებიც გააცნო, რომლის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 347 მლნ. ლარით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება - 240 მლნ. ლარით, თავდაცვის სამინისტრო - 210 მლნ. ლარით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 37 მლნ. ლარით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 34.5 მლნ. ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 20 მლნ. ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეების სამინისტრო - 50 მლნ. ლარით იზრდება.