„15-მდე კლინიკა 1-ელ იანვრამდე აკრედიტაციას ვერ დაასრულებს“ - რა ბედი ელით აკრედიტაციის გარეშე დარჩენილ კლინიკებს

2025 წლის 1-ლი იანვრიდან სტაციონარული და ამბულატორიული კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

როგორ მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი და ესწრება თუ არა პროცესები რეგულაციის ამოქმედებამდე - ამ და სხვა დეტალებზე „ბიზნესპრესნიუსი“ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელს არჩილ მორჩილაძეს ესაუბრა.

ცნობისთვის, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიასთან (AACI) თანამშრომლობს. AACI-ის აკრედიტაციას 60-მდე კლინიკა გადის, ამ ეტაპზე კი აკრედიტაცია მიღებული აქვს 29 კლინიკას.

როგორც მორჩილაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ხუთამდე კლინიკა აკრედიტაციის პროცესს ადრეულ ეტაპზე ჩამოსცილდა. მისივე თქმით, რეგულაციის ამოქმედებამდე აკრედიტაციის მიღებას დიდი ალბათობით 15-მდე კლინიკა ვერ მოასწრებს.

„4-5 კლინიკა ადრეულ ეტაპზე ჩამოსცილდა აკრედიტაციის პროცესებს. მათ აკრედიტაცია პირველადი შეფასების შემდეგ შეწყვიტეს, რადგან ვერ აკმაყოფილებდნენ პირობებს. ამასთან, დაახლოებით 10-15-მდე კლინიკა ამ წელს ვერ დაასრულებს აკრედიტაციას. დანარჩენს, პრაქტიკულად, ყველას აქვს შანსი რომ მიიღოს აკრედიტაცია,“ - ამბობს არჩილ მორჩილაძე.

იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკების ნაწილმა შესაძლოა, აკრედიტაციის გავლა ვერ მოასწროს, მორჩილაძეს ვკითხეთ, ხომ არ შეიძლება რეგულაციის ამოქმედება გადავადდეს.

„ადრეც იყო კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად მოესწრება აკრედიტაცია, ხომ არ უნდა გადავადდეს - გადავადებაში დიდი ტრაგედიას ვერ ვხედავთ, თუმცა ის კლინიკები, რომელმაც იმუშავა და გაიარა აკრედიტაცია, არათანაბარ პირობებში არ უნდა აღმოჩნდნენ. მხოლოდ იმათ შეიძლება გადაუვადდეს, რომელიც უკვე პროცესშია და მათ შესაძლოა, 3 თვის ვადა მიეცეს“, - დასძინა მორჩილაძემ.

გარდა ამისა, საინტერესოა რა ბედი ელით კლინიკებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ვეღარ მოხვდებიან.

„სახელმწიფომ თქვა, რომ აკრედიტაციის გარეშე კლინიკებს დაფინანსებას არ მისცემს. რა თქმა უნდა, ეს კრიტიკული იქნება იმ კლინიკებისთვის, რომლებიც აკრედიტაციას ვერ გაივლიან, მაგრამ კლინიკების გადასაწყვეტია როგორ გააგრძელებენ მუშაობას. ამასთან, კლინიკებმა შესაძლოა, ჩვენთან AACI-ის აკრედიტაცია ვერ მიიღონ, მაგრამ არიან ორგანიზაციები, რომლებიც არ მუშაობენ ხარისხის საერთაშორისო ორგანიზაციის გაიდლაინით და შესაძლოა, ნაკლები სტანდარტის მქონე მააკრედიტირებელთან გადაბარგდნენ,“ - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

მერი ტაბატაძე