საგზაო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, კახეთის მიმართულებით არის ძალიან სერიოზული პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისიდან საგარეჯოს მონაკვეთი უკვე არის აშენებული, ბადიაურამდე გაგრძელდება ამ მონაკვეთის მშენებლობა და დასრულდება მომდევნო წლისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდება ჭალაუბნამდე მაგისტრალის მშენებლობა.
„აშენდება ასევე გურჯაანი-თელავის მაგისტრალი, ლაგოდეხის შემოვლითი გზა, ანაკლია-თეკლათის მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის სათანადოდ ოპერირებისთვის, რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც რუსთავის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის, მობილობის გასაუმჯობესებლად.
ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი და ასევე ლარსის მონაკვეთი, აქაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები და გვაქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ამ შემთხვევაშიც ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა ეს გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.