გამოვიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი და თქვას, რას ვედავებით ევროპას ან ამერიკას? - ზვიად ჭუმბურიძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.

ზარქუა მიიჩნევს, რომ გერმანის ელჩს „არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ახლა მავნებლობს“.

ამ ფაქტთან დაკავშირებით რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კომენტარი გააკეთა ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

მისი თქმით, გაუგებარია, რას ედავებიან გერმანიას და რატომ არ გააკეთა კომენტარი ამ ფაქტზე საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„რას ვედავებით გერმანიას, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენი მხარდამჭერია და თუ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა და ვიზალიბერალიზაცია, ეს გერმანიის და საფრანგეთის დამსახურებაა. გამოვიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი და თქვას, რას ვედავებით ევროპას ან ამერიკას,?“ - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.

მისი თქმით, მსგავსი საქციელი ბელარუსის პრეზიდენტისგან ლუკაშენსკოსაგანც კი არავის ახსოვს.

"ლუკაშენკოს არ მოუთხოვია მსგავსი რამ და სხვათა შორის ნურც ბელარუსს შევედრებით, რადგან მას თავისი გზა აქვს. მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი როგორც მძიმე, ისე მსუბუქი მრეწველობის, ნახევარ ევროპას შეინახავს ბელარუსი ხორცპროდუქტებით. ამიტომ მათი დე-ფაქტო მდგომარეობა 10-15 წელიწადში შეიცვლება და ისინი გაცილებით წინ იქნებიან,“- განაცხადა ჭუმბურიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გერმანიის ელჩის საკითხზე კომენტარი ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.

„მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.

ეკა დარჩიაშვილი