მესიმ იტალიური ღვინის საკუთარი ხაზი ჩაუშვა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ღვინის ორი ხაზი ჩაუშვა, სიმბოლური სახელწოდებით - „10 GOAT,” რომელშიც „10” ფეხბურთელის ნომერი, ხოლო „GOAT” ფრაზის - „Greatest Of All Time”-ის აბრევიატურაა. ინფორმაცია ფეხბურთელმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რასაც გამოცემა Marca ავრცელებს.

მესის ღვინოს შვეიცარიული კომპანია, MM Winemaker აწარმოებს, რომელიც იტალიის რეგიონებში, კამპანიაში, აპულიასა და სიცილიაში ოპერირებს. თეთრეტიკეტიან ბოთლში სიცილიური „სირას” სახეობის ღვინო, ხოლო შავეტიკეტიან ბოთლში აპულიაში წარმოებული „პრიმიტივოს” სახეობის ღვინო არის ჩამოსხმული.

თითოეულის ფასი 60,32 ევროა და ჯერ მხოლოდ მწარმოებლის ვებ-გვერდზე იყიდება.

„ზოგიერთ თქვენგანს აინტერესებდა ამ უნიკალური ღვინოების შესახებ, რომლებსაც MM Winemaker-თან ერთად ვაწარმოებთ. წარმოგიდგენთ შეზღუდულ გამოშვებას: ეს არის ორი პრემიუმ-ღვინო საკოლექციო ბოთლებში, რომელსაც უბრალოდ ვერ გამოტოვებთ. დააგემოვნეთ უკვე ისინი?!,” - მიმართავს მესი თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელში.

ეს არ არის პირველი ღვინოები, რომლებიც ლიონელ მესიმ MM Winemaker-თან ერთად გამოუშვა. მათ ერთობლივ პროექტებს შორის არის წითელი და თეთრი ღვინოები ვენეტოდან, სიცილიური „გრილო”და „ნერო დ'ავოლა”, ასევე პროსეკო.

თავად შვეიცარიულ კომპანია MM Winemaker-ს 500-ზე მეტი ჯილდო აქვს მოგებული ისეთ ცნობილ კონკურსებზე, როგორიც არის Concour Mondial de Bruxelles, CWSA Hong Kong, Wine Chateau და Expovina.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ