„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დონორები სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას აჩერებენ, ალბათ, პრევენციისთვის კეთდება,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია სებ-ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ. სებ-ის გადაწყვეტილებით, ცვლილება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თემურ ჭყონია ამბობს, რომ საქართველოს ბევრი სახელმწიფო ეუბნება, რომ ფინანსური ხელშეწყობა და პარტნიორობა არ გაგრძელდება, შესაბამისად, სებ-ის მიერ ეს არის პრევენციის ერთ-ერთი სახე, რათა ლარის კურსი შეინარჩუნოს.
„ალბათ, ეს პრევენციაა იმისთვის, რომ მომავალში ლარის სტაბილურობა შენარჩუნდეს. დაზუსტებით ვერ ვიტყვი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დონორები სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას აჩერებენ, თუ ფინანსურ იზოლაციაში მოვხვდით, ალბათ, ეს კეთდება პრევენციისთვის. დონორების მიერ გადმორიცხული თანხები, ლარის კურსის გამყარებას ძალიან ეხმარებოდა. ჩვენ არ ვიცით ძალიან ბევრი რამ, მე ბევრი მონაცემი არ მაქვს, რომ ზუსტი შეფასება გაავაკეთო.
მე ვფიქრობ, ეს უფრო პრევენციისთვის გაკეთდა, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური, რაც აუცილებელია ეკონომიკის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ბევრი სახელმწიფო გვეუბნება, რომ ფინანსური ხელშეწყობა და პარტნიორობა არ გაგრძელდება, შესაბამისად, ეს არის პრევენციის ერთ-ერთი სახე. რას მოიტანს, არ ვიცი.
მე ვფიქრობ, უმჯობესია, რომ პრევენციის პარალელურად, დაეთანხმონ იმ რეგულაციებს და მოთხოვნებს, რაც გვაკავშირებს ევროპასთან და ამერიკასთან. ჩვენ არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ ყველას და ყველაფერს, იმიტომ რომ ეს იწვევს პარტნიორების დაკარგვას, როგორც პოლიტიკაში, ისე ფინანსებში. პარტნიორების და ფინანსების დაკარგვა, კარგის მომტანი რომ არ არის, ამას ჩემი თქმა არ სჭირდება,“ - ამბობს თემურ ჭყონია.