„თუ ევროპელი ტურისტები არ გვეყოლება დავიხურებით“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „გივის მარნის“ დამფუძნებელმა გივი სირბილაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ქართული ტრადიციული საკვებისა და სასმლის ბიზნესები, ძირითადად ევროპელი ტურისტებით ფუნქციონირებს, შესაბამისად, თუ მათი რაოდენობა იკლებს, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება მათ მუშაობაზე.
ამასთან, „გივის მარნის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც არაბები, ჩინელები, ინდოელები მარანს სტუმრობენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ტრადიციული საკვები და სასმელი მათთვის უინტერესოა, ადგილს მალევე ტოვებენ. ეს მაშინ, როდესაც, ევროპელ ტურისტებს, განმეორებითი ვიზიტისთვის ჯავშნები წინასწარაც კი გაუკეთებიათ.
„ჩვენ მთლიანად ევროპელ ტურისტებზე ვმუშაობთ, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მათ აინტერესებთ ქართული საკვები და სასმელი. ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც იმდენად მოსწონთ, მეორე ვიზიტს ადგილზევე გეგმავენ და ჯავშანს აკეთებენ.
სტუმრები ძირითადად გვყავს საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, დანიიდან, ჰოლანდიიდან. წელსაც ეს ქვეყნები ლიდერობდნენ და ვერ ვიტყვი, რომ ტურისტები შეგვიმცირდა, თუმცა, მათ გვიგზავნიან ტურისტული კომპანიები და იციან, რომ მხოლოდ მათზე ვმუშაობთ. ამიტომ, ზოგადი სურათი როგორია, ჩვენ ნაკლებად ვიცით.
ერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ წელს იყო შემთხვევები, როდესაც აზიელებს, ვინც კახეთის რეგიონში მოგზაურობს, ვიზუალურად მარანი მოსწონებიათ, შემოსულან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არაბებს, ჩინელებს, ინდოელებს ქართული საკვები და სასმელი არ აინტერესებთ, მალევე გასულან. შესაბამისად, არც ფული დაუხარჯავთ.
ამიტომ, თუ ევროპელი ტურისტები არ გვეყოლება, დავიხურებით. ზოგადად მარნები და ტრადიციული სამზარეულოს ბიზნესები, აზიელი სტუმრებისთვის საინტერესო პროდუქტს ვერ ვქმნით. ევროპელებს აინტერესებთ, ღვინოც, კერძებიც, მზადების პროცესში მონაწილეობის მიღებაც. შემდეგ მათი რეკომენდაციებით, სხვა ტურისტებიც მოდიან.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მხრივ სიტუაცია არ შეიცვლება და ევროპიდან ტურისტების რაოდენობა არ შემცირდება, თორემ ეს პირდაპირ აისახება ჩვენი და მსგავსი ბიზნესების საქმიანობაზე“,- ამბობს გივი სირბილაშვილი.