„პრაქტიკამ ცხადყო, რომ რითეილების გამსხვილება დაკავშირებულია პროცესებთან, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს პროდუქციის ფასზე,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში კონკურენციის სააგენტომ შპს „დეილის“ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ 100%-იანი წილის შესყიდვის ნებართვა მისცა. რითეილ ბიზნესში მომხარი გარიგების შედეგად ამჟამად 5 სუპერმარკეტი („დეილი“, „სპარი“, „იოლი“, „გვირილა“ და „მაგნიტი“), პრაქტიკულად, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა.
რიჟამაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს რითეილებს შორის ხელშეკრულების მომზადება და პირობების განსაზღვრა, თუმცა თუ პირობები ისე განისაზღვრა, რისი პრაქტიკაც აქამდე იყო, ცვლილება პროდუქციის ფასებზე აისახება.
„რაც შეეხება კონკრეტულად აღნიშნულ გაერთიანებას, ამ ეტაპისთვის ჯერ არსებითი გავლენა არ მოუხდენია ფასებზე, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი - გაერთიანების ფარგლებში ორგანიზაციული საკითხებია დასალაგებელი, თუმცა თუ ისე განისაზღვრა პირობები, როგორც არსებული გაერთიანებების პრაქტიკაა, ეს გავლენას მოახდენს პროდუქტების ფასებზე.
ნებისმიერი სახელშეკრულებო პირობების განახლება - განისაზღვრება დამატებითი პირობები თუ არსებულში განხორციელდება ცვლილება, დაკავშირებულია ფინანსურ ნაწილთან, რა თქმა უნდა, ფასზე ზეგავლენას მოახდენს. შესაბამისად, ყველა ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია იძულებული იქნება შედეგი ასახოს ფასში,“ - აღნიშნა მან.
კითხვაზე, ქსელების გამსხვილება ხომ არ გამოიწვევს ფასების ერთ დონეზე ფორმირებას, რიჟამაძე პასუხობს, რომ მიწოდების კუთხით გაერთიანების ყველა ქსელისთვის, როგორც წესი, ერთი პირობა დგინდება.
„როდესაც გაერთიანება ლაპარაკობს რამდენიმე ასეული მაღაზიის სახელით (რას როგორ განახორციელებენ ეს მათი პოლიტიკის ნაწილია) მიწოდების კუთხით გაერთიანების ყველა ქსელისთვის იქნება ერთი პირობა, მთავარია, რომ ეს პირობა არ იყოს ისე მნიშვნელოვნად გაზრდილი, რომ საბოლოოდ იძულებული გახდეს მწარმოებელი ფასი გაზარდოს, რადგან ფასს თუ არ გაზრდის მისთვის პროდუქტის მიწოდება შეიძლება შეუძლებელი გახდეს.
რაც უფრო მსხვილია რითეილი, მისი მოთხოვნა არის გაზრდილი, მას დამატებით სჭირდება გაზრდილი ქეშბექი, რეტრობონუსი, ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი და ა.შ. შესაბამისად, მიმწოდებელი იძულებულია ან დაეთანხმოს ახალ პირობებს, ან დაკარგოს ის ინვესტიცია, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებდა.
პირობითად, თუ კომპანიას გადახდილი აქვს ქსელში მოსახვედრად რამდენიმე ათეული თუ ასეული ათასი ლარი და ახალ პირობებზე არ გაჰყვება გაერთიანებულ რითეილს, დაკარგავს ამ თანხას და სხვა ქსელში მოსახვედრად გადასახადის გადახდა მოუწევს.
იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესი ჩვეული პრაქტიკით არ განვითარდება და არ მოხდება სახელშეკრულებო პირობების ისე გაუარესება, რომ საბოლოოდ რიგ კომპანიებს ან უარს ათქმევინებს, ან აიძულებს ფასი გაზარდოს. ეს პროცესი ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს და ვნახოთ, რა და როგორ განვითარდება“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
უფრო დეტალურად, საქართველოს რითეილ ბაზარზე მომხდარი გარიგების შედეგად კონკურენციის სააგენტომ შპს „დეილის“ „რითეილ ინვესთმენთის“ 100%-იანი წილის შესყიდვის ნებართვა მისცა. ამასთანავე, „დეილი“ მიმდინარე წლის აგვისტოში „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის მფლობელიც გახდა, რომელიც კიდევ ორ ქსელური მარკეტის, „სპარისა“ და „იოლის“ მფლობელია (ამასთან, იგივე აგვისტოში, „დეილის“ 30%-იანი წილი „ფუდმარტის“ დამფუძნებელმა არჩილ გეგენავამ და კომპანია „ჰოლდინგ.ჯი-მ“ შეიძინეს).
„რითეილ ინვესთმენთი“, რომელიც ახალი გარიგების მიხედვით, შპს „დეილის“ საკუთრებაში გადავიდა, სუპერმარკეტების ქსელის „მაგნიტის“ იგივე შპს „რითეილ ჯგუფის“ 9.96%-იან წილებს ფლობს. შესაბამისად, გამოდის, რომ „დეილი“ „მაგნიტის“ 10%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ „დეილი“ ასევე, არის სუპერმარკეტების ქსელის „გვირილას“ 60%-იანი წილის მფლობელიც. შედეგად, 5 სუპერმარკეტი: „დეილი“, „სპარი“, „იოლი“, „გვირილა“, „მაგნიტი“, ფაქტობრივად, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა.
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, საცალო ვაჭრობის სექტორის 51.3% სამ მსხვილ სუპერმარკეტს, „ნიკორას“, „ორ ნაბიჯსა“ და „კარფურს“ უკავია. ისე კი, კვლევის თანახმად, საცალო ვაჭრობის სექტორში „ნიკორას“ წილი 18.9%-ს შეადგენს, „2 ნაბიჯის“ - 18.8%-ს, ხოლო „კარფურის“ - 13.6%-ს. შემდეგ პოზიციებზეა: „სპარი“ – 12%-ით, „მაგნიტი“ – 9.2%-ით, „დეილი“ – 4.8%-ით და ა.შ. ახლა კი, ახალი გარიგების შემდეგ შესაძლოა, ბაზრის წილების სხვაგვარი გადათამაშება მოხდეს.