„დღეს ბიზნესი საკმაოდ გაურკვეველ მოლოდინებშია. განსაკუთრებით ის ბიზნესი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს, ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, ვინაიდან ლართან და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხები არაპროგნოზირებად გარემოს ქმნის“, - ამის შესახებ ეკონომისტმა მურად მიქელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები, გაურკვევლობას აჩენს და მომავალს არაპროგნოზირებადს ხდის.
„აგერ სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით 700 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა ეროვნულმა ბანკმა, თან ისე, რომ ამას აკეთებს ე.წ. ბიმატჩ პლატფორმით, რასაც ვიგებთ პოსტფაქტუმ, დაახლოებით 25 დღის შემდგომ. ეროვნულმა ბანკმა ახლა განაცხადა, რომ იწყებს რეზერვების შევსებას. ანუ ამას ამბობს და როდესაც ყიდის იმას არ ეუბნება ბიზნესს.
მსგავსი ტიპის და თან ასეთი მსხვილი ტრანზაქციები ლარის კურსთან დაკავშირებით გაურკვეველ გარემოს უქმნის ბიზნესს და მეორე, საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ესეც რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის საკმაოდ რთულ მდგომარეობას ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ პოლიტიკური კავშირები ეკონომიკურ პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს. ასე, რომ მსხვილი ბიზნესის წარმოებისთვის დღეს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ვითარებაა“, - აღნიშნა მურად მიქელაძემ.
როგორც მან განმარტა, ასეთი ვითარება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესზეც აისახება.
„ბუნებრივია, მსხვილ ბიზნესზე ასახული ფაქტორები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გავლენას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესზეც. ამიტომ დღეს არსებული მდგომარეობა პოლიტიკური თვალსაზრისით არსი გაურკვეველი, როგორც პარლამენტთან, ისე ზოგადად პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ამიტომ როგორ დალაგდება ეს ყველაფერი, ამის თქმა ძალიან რთულია. იმის თქმა კი შესაძლებელია, რომ დასავლეთთან დღეს არსებული ურთიერთობების პოზიტიური შედეგების პროგნოზს ვერ იძლევა“, - აღნიშნა მურად მიქელაძემ.