„პაპუაშვილს უნდა გაერისკა და ეთქვა, რომ დაიკარგება უვიზო მიმოსვლაც“ - აკაკი ცომაია

ეკონომისტი აკაკი ცომაია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

მისი თქმით, ტყუილია, რომ თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, ქვეყანას მოუწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ სახელმწიფოებთან, რომელთანაც ევროკავშირს ასეთი რეჟიმი არ აქვს. ამავდროულად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის სავაჭრო კავშირები და უსაფრთხოება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს ნამდვილად აქვთ.

პაპუაშვილის ბოდვას უკვე ბევრმა გასცა ღირსეული პასუხი. ყველა იმ მსჯელობას, რასაც ეცნობით, დავამატებ შემდეგს:

- ტყუილია, რომ ქვეყანას მოუწევს უვიზო რეჟიმის გაუქმება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა არა აქვთ. წევრ ქვეყნებს არ ეზღუდებათ და შეუძლიათ ეროვნულ დონეზე უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ასეთ ქვეყნებთან მაგალითად, ევროკავშირმა რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩეროს საქართველოს, სურვილის შემთხვევაში, უნგრეთს შეუძლია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნება უნგრეთის ტერიტორიაზე.

- სავაჭრო თეორიაში არსებობს ცნება ვაჭრობის შექმნა (trade creation) და ვაჭრობის განდევნა (trade diversion). პაპუაშვილი საუბრობს მეორეზე და არაფერს ლაპარაკობს პირველზე, რამაც უზრუნველყო ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, ირლანდიისა და სხვა ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობა. ევროპული და ასევე, ამერიკული ინვესტიციები განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში, რაც ქმნის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან პროდუქტს. თან მოაქვს ცოდნა და განათლება, რაც მთავარია.

- თუ მიზანი არაა ევროკავშირში წევრობა, ევროპის ქვეყნებს არაფერში სჭირდებათ იმიგრაციის დამატებითი პრობლემები. პაპუაშვილს უნდა გაერისკა და ეთქვა, რომ დაიკარგება უვიზო მიმოსვლაც.

-პაპუაშვილი არაფერს ამბობს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ესაა სივრცე, რომლის წევრებსაც ომის საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნავს ეკონომისტი.

ნათია ზარიძე