საბერძნეთის შემდეგ ქართველ ემიგრანტებს იტალიაშიც გაუჭირდათ. ამბობენ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო, იტალიელები უცხოელი მუშახელის აყვანაზე უარს ამბობენ, რის გამოც, ქართველ ემიგრანტებს სამსახურის დაწყება უჭირთ. ვინც მუშაობს, დამსაქმებელმა ოჯახებმა მათ ხელფასი 100-200 ევროთი შეუმცირეს.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები დღემდე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან. თითოეული მათგანი ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა როდის, არავინ იცის. იტალიაში ემიგრაციაში წასული ქართველებიდან, ყველაზე მეტი ემიგრანტი სამხრეთ იტალიაში ცხოვრობს. ამბობენ, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნა უმძიმთ: "ზოგჯერ შიმშილიც გვიწევს, ზოგჯერ რამდენიმე დღე, ან თვე სამსახურის გარეშე ვართ, მაგრამ ვცდილობთ ყველაფერს გავუძლოთ, რადგან საქართველოში მშიერი შვილები გველოდებიან".
მარიამ გიგაური 12 წელია იტალიაში ცხოვრობს. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში იტალიაში ბევრი მაღაზია დაიხურა, კაფე-ბარიც. არის კრიზისი, მაგრამ იტალიის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ფინანსური პრობლემა უფრო ღრმა კრიზისში არ გადაიზარდოს. "იტალიაშიც კრიზისია, მაგრამ ისეთ სიტუაციაში არ ვართ, როგორც საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები არიან. ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი მაღაზია დაიხურა, ბარებიც, ძალიან რთულად იშოვება სამსახური, განსაკუთრებით, ემიგრანტებისთვის. პირადად მე სტაბილურად ვმუშაობ და კრიზისი არ შემხებია, მაგრამ ჩემ ირგვლივ ბევრი ქართველი დარჩა სამსახურის გარეშე. ნაწილმა იშოვა, ნაწილი კი დღემდე ელოდება. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არაბული ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ემიგრანტი შემოვიდა იტალიაში, ისინი უფრო იაფად მუშაობენ და სამსახურსაც შოულობენ",- აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მარიამ გიგაურმა.
როგორც საბერძნეთში, იტალიაშიც ქართველები ოჯახებში მოხუცებისა და ბავშვების მომვლელებად, დამლაგებლებად მუშაობენ. იქ მყოფი ქართველები ამბობენ, რომ თუ ვინმეს გაუმართლდა, შესაძლოა, კაფე-ბარშიც დასაქმდეს, მაგრამ ასეთი სამუშაო ძალიან ძნელად საშოვნელია. რაც შეეხება ანაზღაურებას, იტალიაში ქართველთა ყოველთვიური ხელფასი 600 ევროდან იწყება და 1000 ევრომდე ადის. ხელფასის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეგიონში ხარ. მაგალითად, სამხრეთ იტალიაში ქართველი ემიგრანტების საშუალო ხელფასი 600-700 ევროა, რომსა და ნეაპოლში - 800-900 ევრო, ჩრდილოეთ იტალიაში კი ყოველგვარი ანაზღაურება 900-1000 ევროს შეადგენს.
მარიამ გიგაური ამბობს, რომ იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს, ქართველებისთვის ხელფასი, პრაქტიკულად, არც ერთ იტალიელს არ შეუმცირებია: "თუმცა, როგორც უკვე გითხარით, შემცირდა სამსახურების რაოდენობა. ქართველებმა დაკარგეს სამსახური და ახლა ძიებაში არიან. რამდენად მოახერხებენ ამდენი უცხოელი იაფი მუშახელის შემოსვლის შემდეგ ახალი სამსახურის ნახვას, ცოტა რთული სათქმელია".
ლალი დვალიშვილი (რესპონდენტის თხოვნით სახელი და გვარი შეცვლილია), იტალიაში 8 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ ბოლო წლებში იტალიაში ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვიდა, ბევრს საბუთი აქვს, ბევრს კი - არა. "იმის გამო, რომ აქაური კანონმდებლობით უსაბუთო მიგრანტი დეპორტაციას არ ექვემდებარება, ბოლო წლებში ძალიან ბევრი უცხოელი მოაწყდა იტალიას. ისეთი კრიზისი, როგორც საბერძნეთში, აქ არ არის, მაგრამ სამსახურის შოვნა ძალიან გაჭირდა. მე ფლორენციაში ვცხოვრობ და ბოლო რამდენიმე თვეა თითქმის ყველა მიგრანტს შეგვიმცირეს ხელფასი. ვერ ვაპროტესტებთ, რადგან წასასვლელი არსად გვაქვს და ვთანხმდებით იმაზე, რასაც გვაძლევენ. ბოლო პერიოდში ხელფასი 100-200 ევროთი შეგვიმცირეს. თუ ერთი წლის წინათ საშუალო ხელფასი 700-800 ევრო იყო, ახლა 600 ევრო რომ მოგცენ, მადლობა უნდა თქვა", - გვითხრა ლალი დვალიშვილმა.
ბოლო პერიოდში იტალიაში ძალიან ბევრი მიგრანტი შემოვიდა, მათი შენახვა მთავრობას ძალიან ძვირი უჯდება, ამიტომ თავად ადგილობრივებსაც შეუმცირდათ ხელფასი.
"ამის გამო იტალიელები მომსახურე პერსონალის აყვანას ერიდებიან. თუ ძალიან არ უჭირთ ან ძალიან არ სჭირდებათ, ოჯახში მომვლელს, ან მოსამსახურეს აღარავინ იყვანს. თუ გაგიმართლა და სამსახური იშოვე, მაშინ ენისა და ადგილობრივი სამზარეულოს ცოდნას გთხოვენ. და კიდევ, თუ საბუთი არ გაქვს, არ გენდობიან და სახლში აღარ გიშვებენ, აქ კი ქართველების უმეტესობას საბუთი არ აქვს. ამიტომ ნაწილი სამსახურის გარეშეა, ნაწილი კი ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობს. ტერორისტების შიშის გამო, საბუთის გაცემის პროცედურაც უკვე 4 წელია შეჩერებულია, თორემ აქამდე ბევრ ქართველს ექნებოდა უკვე აღებული საბუთი",- ამბობს ლალი დვალიშვილი.თამარ გვენცაძე 12 წელია იტალიაში ცხოვრობს, აქვს საბუთიც, იცის ენაც და იტალიური სამზარეულოც, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი.
მას ადრე 800 ევროს აძლევდნენ ხელფასს, ახლა კი 600 ევროზე მუშაობს. "რამდენიმე თვის განმავლობაში სამსახურის გარეშე ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ ენას კარგად ვფლობ და მათი სამზარეულოც კარგად ვიცი, სამსახურის შოვნა მაინც გამიჭირდა. ახლა ვიშოვე, მაგრამ 600-ევროიანი, როცა მანამდე 800 ევროს მაძლევდნენ. გაჭირდა აქაც იტალიელებისთვის ცხოვრება, აღარ გიხდიან იმდენს, რასაც ადრე. რომ ჩამოვიდე საქართველოში, რა გავაკეთო? მანდ პროფესიონალები ვერ იწყებენ მუშაობას და მე, რომელსაც დამავიწყდა ჩემი პროფესია, ვინ დამაწყებინებს მუშაობას. საქართველოში 500 ლარიან სამსახურს ვნატრობ, რომ ჩამოვიდე და ჩემს შვილებთან ვიყო, მაგრამ არ არის", -გვითხრა თამარ გვენცაძემ.ქართველი ემიგრანტები სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას ელოდებიან. ამბობენ, რომ იტალიაში მალე იმდენი უცხოელი იაფი მუშახელი შემოვა, ქართველებს 500-600 ევროიანი სამსახურის შოვნაც კი სანატრელი გაუხდებათ. "ყოველდღიურად იტალიაში ძალიან ბევრი ემიგრანტი შემოდის, მათი შენახვა იტალიის მთავრობას ძალიან ძვირი უჯდება. ვინც იწყებს მუშაობას, ძალიან ცოტა ანაზღაურებას აძლევენ. მალე ისეთი სიტუაცია იქნება, შეიძლება ესეც სანატრელი გაგვიხდეს. მერე რა გვეშველება დედებს, რომლებიც მანდ შვილებს ვინახავთ?"- ამბობენ ემიგრანტები.
გაეროს მონაცემებით, წელს 5 თვის განმავლობაში იტალიაში 46 500 მიგრანტი ჩავიდა, რაც 12%-ით მეტია 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. აფრიკელები ნავებით ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ ევროპამდე ჩაღწევას. 2014 წელს კი აფრიკიდან იტალიაში სულ 170 000 უკანონო მიგრანტი მოხვდა. ქართველი ემიგრანტების თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბოლო პერიოდში ქართველი მიგრანტების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა, ნაწილი კი 100-200 ევროთი შემცირებულ ხელფასს იღებს.
ელზა წიკლაური
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"