შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე.
„29 ნოემბრის დილის 02:00 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების გატარება, დიდი რაოდენობით ადამიანური საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.
ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.
გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით.
„ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში.
სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა. ნიშანდობლივია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს და ნების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის უზრუნველყოფა არ უნდა საჭიროებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას. საგულისხმოა, რომ ამ საკითხზე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.