ირაკლი კობახიძე - 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად

ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი, ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მმართველი პარტიის სახელით გაიმართა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, 2028 წლისთვის შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არის გზა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისკენ. გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

იმავდროულად, ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის საუკეთესო დასტურია მონტენეგრო და სერბეთი, რომლებსაც მოლაპარაკებები შესაბამისად 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა, ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო ასევე მაგალითია თურქეთიც, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა, 2016 წელს საერთოდ შეუწყვიტეს. ამ ფონზე, მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი - ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.