„ამ უაზრო განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ხან კობახიძე აკეთებს და ხან ძმანი მისნი, ცხოვრებაში რომ არ გამჭირვებია ისე რთულად შევედით გერმანიაში. წარმოიდგინეთ, გამოსვლაც კი გაგვიჭირდა“,- ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი ჯგუფი რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და მე ვიყავი გერმანიაში, ამ დილით დავბრუნდი. ამ უაზრო განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ხან კობახიძე აკეთებს და ხან ძმანი მისნი, ცხოვრებაში რომ არ გამჭირვებია, ისე რთულად შევედით გერმანიაში. წარმოიდგინეთ, გამოსვლაც კი გაგვიჭირდა. იმ დონეზე არის გაფუჭებული ყველასთან ურთიერთობა. საზღვარზე გეკითხებიან, როგორ შემოდიხარ, რატომ, ვისთან მიდიხარ, უკვე საქართველო გახდა, მეგობარი კი არა „სასწაული“ ქვეყანა.
ევროპა არ გვინდა, მზად არ ვართო, აბა რისთვის ვართ მზად?! „სოლნიჩნაია გრუზია“ უნდა გავხდეთ? უკვე არც ვიცი რაში ვხედავ გამოსავალს...
მე ვფიქრობ, ძალიან სუსტი ოპოზიცია გვყავს და აქედან გამომდინარე, რამე სასიკეთო ცვლილება არ ხდება. რაღაც უფრო ქმედითი ღონისძიებებია გასატარებელი. არ ვარ პოლიტიკოსი და უფრო ქმედითი ინსტრუმენტები რა არის, არ ვიცი, მაგრამ ქუჩაში, გაყინვა, მერე დარბევა, დაჭერა, სულ ასე არ გამოვა... არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამ გზით რომ არ უნდა წავიდეთ, ეგ ვიცი“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც. იქამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, დღეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰელჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.