საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს... ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ქვეყნის ღალატად და რუსეთთან მონურ დამოკიდებულებად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
კობახიძის ბრიფინგის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საგანგებოდ მიიწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მისი განცხადებით, მან ელჩებს მიმართა, რომ "ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები". ამის შემდეგ, საქართველოს ქალაქებში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თანდასწრებით ბრიფინგი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მიმართა საზოგადოებას, რომ არ დაკარგონ იმედი და არ ჩაიკლან პროტესტის გრძნობა.
ლაშა ძებისაშვილი, ანალიტიკოსი:
- ესენი პირდაპირ კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდიან. მათ ისედაც უზურპირებული აქვთ ხელისუფლება და ამას ზედ ამატებს იმას, რომ გვიცხადებენ, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ჩვენს გეგმებში არ შედისო, ანუ ე.წ. ხელისუფლება სრულიად გასულია კონსტიტუციიდან. მათ დაახლოებით იცოდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსი და იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეზოლუცია დიდი ალბათობით ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აისახებოდა, დრო არ გაწელეს და თვითონ გადადგეს ეს ნაბიჯი, თითქოს თვითონ აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს. ცალსახაა, რომ ამათ, რეალურად, ინტეგრაციის არანაირი ევროპული მექანიზმი არ აინტერესებთ. უვიზო მიმოსვლაც არის ის ერთადერთი მექანიზმი, რაზეც მათ ჰგონიათ, რომ საბოლოოდ ევროკავშირი უარს არ იტყვის, რადგან ამით მაინც მოსახლეობა ისჯება. შესაბამისად, ისინი კომფორტულად არიან და გრძნობენ, რომ ამ მექანიზმის მოშორების გარეშე მათ შეუძლიათ გააგრძელონ მშვიდად ცხოვრება და ამით ევროკავშირთან ყველანაირი ინტეგრაცია ჩაშალონ. ჩვენ საქმე გვაქვს რაც გნებავთ, ის დაარქვით - პუტჩთან, ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებასთან, თუ კონსტიტუციიდან გასვლასთან.
ბოლო წერტილი იყო არჩევნები, არჩევნების გაყალბება და ამის შემდეგ სწრაფი ნაბიჯით უნდა მოხდეს იმ დარჩენილი კავშირების მოკვეთა, განადგურება, რაც ჩვენ ევროპას გვაკავშირებს. ახლა რასაც ვუყურებთ, ეს ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია, არანაირი ვაჭრობა ევროკავშირთან არ იქნება, არავის ჰქონდეს ამის ილუზია.
კობახიძემ ის კი არ თქვა, რომ ევროკავშირი აღარ გვაინტერესებს და აღარ მივდივართ მასთანო, იფარისევლა და თქვა, 2028 წლამდე არ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას გაწევრიანებაზეო. გეგონება, 2028 წლის მერე მათ მიზნებში შედის მოლაპარაკებები, ან ევროკავშირში შესვლა. ჩვენ ხომ არ მოვტყუვდებით ამ ფორმულირებით და იმ რიტორიკით, თითქოს „დასავლეთი გვაშანტაჟებს“, „მოწყალება“ არ გვინდა და მსგავსი. ჩვენ გვესმის რაზეა აქ საუბარი - ეს არის ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმა.
- პუტინის უმალ გამოხმაურება და ხელისუფლების შექება რას ნიშნავდა, თითქოს ისინი სინქრონში მოქმედებენ...
- ამ განცხადებიდან 40 წუთის შემდეგ პუტინმა დადო მხარდამჭერი განცხადება და აქ უკვე ყველაფერი ნათელია - როგორც ჩანს, ეს ბრძანება კრემლიდან მოვიდა. დრო აღარ ითმენს მოსკოვისთვისაც, აგერ, სირიაში შეუტიეს, ალეპოსთან რამდენიმე ათეული მათი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ, უკრაინაში ძალიან ცუდად აქვთ საქმე, ეკონომიკა ექცევათ, რუბლი საით გავარდა, იცით და ამ სიტუაციაში მოსკოვისთვის დრო უფრო და უფრო ცოტა რჩება. მოსკოვმა გადაწყვიტა, სანამ კიდევ უფრო გართულდა ვითარება, სანამ ქართველებმა დაინახეს, რა ცუდ დღეშია რუსეთი, მანამდე უნდა მოხდეს საქართველოს საკითხის დახურვა და ამიტომ „ოცნებას“ უთხრეს, მორჩით ახლა მაიმუნობას, ჩაატარეთ გაყალბებული არჩევნები, მოახდინეთ ხელისუფლების უზურპაცია და ყველაფერი დაასრულეთ იმით, რომ უარი თქვით ევროკავშირზე.
- "ოცნების" ამ გადაწყვეტილების შემდეგ როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?
- დასავლეთისთვის დიდწილად ყველაფერი ისედაც გასაგებია და ერთადერთი, როცა ის თავის მოქმედებებს გეგმავს, პირველ რიგში ითვალისწინებს მიზანს, რომ არ დაზარალდეს საქართველოს მოსახლეობა, ეს არის მისი მთავარი ამოცანა, ანუ "ქართული ოცნების" დასჯით ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ დაზარალდეს. ბუნებრივია, "ოცნება" მიიღებს სანქციებს, მაგრამ ეს სანქციები არ უნდა იყოს მიმართული მოსახლეობის წინააღმდეგ. "ოცნება" ხომ სანქციებმა უფრო გააღიზიანა, ხვდებიან, რომ ევროკავშირი მათ უსანქციოდ არ დატოვებს, შესაბამისად, მათ მძევლად აიყვანეს მთელი ქვეყანა და ახლა ცდილობენ, ევროკავშირთან ივაჭრონ. ჩემი გადმოსახედიდან, არანაირი ვაჭრობა არ გამოვა, დასავლეთის უკან დახევა არ იქნება. ეს იყო "ოცნების" რუსეთთან შეთანხმებული გეგმა, რომელიც თანმიმდევრულად მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის დაშორებას ევროპისგან.