„შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი და ის სიკეთეებიც დავკარგოთ, რაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს,“ - ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, თუ საქართველოს მთავრობა, 2028 წლამდე ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნაზე განაცხადის შეტანას არ აპირებს, ეს ნიშნავს, რომ მან უარი თქვა ზოგადად პროცესის გაგრძელებაზე. ეს კი, გვანცა მელაძის თქმით, ისეთივე იზოლაციაში მოაქცევს ქვეყანას, რომელშიც დღეს ბელარუსი იმყოფება.
„დავიწყებ იქიდან, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა ჩვენი ქვეყნის მოთხოვნით და ის ავანსად ითვალისწინებს გარკვეულ სიკეთეებს ჩვენთვის, გაწევრიანების გზაზე. მათ შორის, ვიზალიბერალიზაცია, იმპორტის ტარიფების გაუქმება, ასევე შარშან უკვე გაიხსნა ევროკავშირის ტენდერების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის. ამ სიკეთეებზე წვდომა საქართველოს ენიჭება იქიდან გამომდინარე, რომ ის აუმჯობესებს თავის სამართლებრივ და საკანონმდებლო ბაზას, რათა დავუახლოვეთ ევროკავშირისას. ამის სანაცვლოდ, როდესაც ეს ყველა პირობა შესრულდება, ევროკავშირი აფართოებს შეღავათების პაკეტს, რაც საბოლოო ჯამში უნდა კულმინირდეს გაწევრიანებაში.
კანდიდატის სტატუსიდან ჩვენ არ გადავედით მოლაპარაკების პროცესზე იმიტომ, რომ ჩვენი საკანონმდებლო ცვლილები, რაც ბოლო წლებში განხორციელდა, არ შეესაბამებოდა ევროპულს და ვერ დავიმსახურეთ შემდეგ ეტაპზე გადასვლა. თვითონ ევროკავშირმა გადაგვიდო ეს პროცესი და ამიტომ ვერ გადავედით ისე, როგორც მოლდოვა და უკრაინა. ის განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, იმას კი არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე არ გადავალთ (ამაზე ისედაც ვერ გადავედით) არამედ, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ზოგადად პროცესის გაგრძელებაზე.
ფაქტი ის არის, რომ თუ შენ წყვეტ ამ პროცესს, ფაქტობრივად გამოდის, არღვევ ასოცირების შეთანხმებას და საბოლოო ჯამში შესაძლოა ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება და უკან გაიწვიოს. ანუ, შესაძლოა დავკარგოთ ის სიკეთეები, რაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს. იმიტომ, რომ ეს ორმხრივობის პრინციპით ხდება.
ბოლო განცხადებების მიხედვით, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს ავანსად და ეს არ იყო სახელმწიფოს და მთავრობის დამსახურება. ეს იყო საზოგადოების და მოქალაქეების დამსახურება იქიდან გამომდინარე, რომ მათ გამოხატეს პროტესტი და საკმაოდ დადებითად იყო შეფასებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან.
მე ვფიქრობ, შესაძლოა, ადრე თუ გვიან კანდიდატის სტატუსიც დავკარგოთ, თუმცა ეს უკვე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. საუბარია, მთლიანად გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებაზე და საბოლოო ჯამში, საქართველო შესაძლოა, აღმოჩნდეს ისეთივე იზოლირებული, როგორიც არის ბელარუსი, რომელსაც არა თუ შეღავათები არ აქვს განვითარებულ სამყაროსთან, არამედ სანქცირებულია და ვაჭრობა შეზღუდული აქვს,“ - ამბობს გვანცა მელაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც. იქამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, დღეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰელჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.