„2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ხელისუფლება კვლავ ზრდის საგარეო და საშინაო ვალს. საგარეო ვალის ზრდა - 1.985 მლრდ ლარით, ხოლო საშინაო ვალის ზრდა 1.6 მლრდ ლარითაა დაგეგმილი“, - ამის შესახებ კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამავე ინფორმაციით, „ვალდებულებების გასტუმრების მიზნით, ხელისუფლება გადასახადების გადამხდელების თანხიდან 1.4 მლრდ ლარის დახარჯვას აპირებს, რაც საბოლოოდ, ვალდებულებების 2.2 მლრდ ლარით გაზრდას გამოიწვევს“.
„1.385 მლრდ ლარის საგარეო კრედიტი, საშინაო ვალთან შედარებით, გაცილებით იაფია და ძირითადად, დასავლური ფინანსური ინსტიტუტებიდან მოდის. ასეთი ინსტიტუტებია: მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და სხვა. ჩამოთვლილი ფინანსური და პოლიტიკური ინსტიტუტებიდან აღებული სესხები კი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე იხარჯება. მაგალითად, სხვა მრავალ პროექტთან ერთად, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე, 2025 წელს, დასავლეთისგან აღებული იაფი სესხით, შემდეგი პროექტები ფინანსდება:
ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა: 185 მლნ ლარი;
თბილისი-წითელი ხიდის და რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზა (EIB): 100 მლნ ლარი;
კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება (WB): 100 მლნ ლარი;
ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი (WB): 80.5 მლნ ლარი;
იმერეთისა და ყაზბეგის კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KWF): 69.5 მლნ ლარი;
ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება: 25 მლნ ლარი.
არსებული პროექტები ხაზს უსვამს იმას, რომ ანტიდასავლური კურსისა და რიტორიკის მიუხედავად, ხელისუფლება კვლავ რჩება დასავლური ფინანსური რესურსების აქტიურ მომხმარებლად და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები სწორედ დასავლური ფულით უნდა განახორციელოს. ბიუჯეტი პირდაპირ აჩვენებს, რომ ხელისუფლების ქმედებები და გეგმები მთლიანად ეწინააღმდეგება მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს.
2025 წელს სამთავრობო საგარეო ვალი, ჯამურად, 36.5%-დან 36.8%-მდე იზრდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, მოცემული რიცხვი 49.1%-დან შემცირდა, რაც ძირითადად განაპირობა აშშ დოლართან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსის გამყარებამ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს, მხოლოდ საპროცენტო ხარჯი 1.56 მლრდ ლარია (810 მლნ ლარი - საგარეო ვალის, ხოლო 745 მლნ ლარი - საშინაო ვალის), რაც 2025 წელს 1.76 მლრდ ლარამდე იზრდება. მოცემული რიცხვი კი ბიუჯეტის შემოსავლების (22.7 მლრდ ლარი) თითქმის 8%-ია. ჯამში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წელს ვალის მომსახურებაზე 3.1 მლრდ ლარი დაიხარჯება.
აქედან 2.2 მლრდ ლარი - საგარეო ვალის მომსახურებაზე, ხოლო 940 მლნ ლარი - საშინაო ვალის მომსახურებაზე. იმის მიუხედავად, რომ მომსახურების დაფარვის კუთხით, საგარეო ვალი საშინაო ვალს ორჯერ და მეტად აჭარბებს, საშინაო ვალის საპროცენტო მომსახურებაზე უფრო მეტი - 900 მლნ ლარი იხარჯება, ვიდრე საგარეო ვალის საპროცენტო მომსახურებაზე, რაც 835 მლნ ლარს შეადგენს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ძვირია შიდა ვალი საგარეო ვალთან შედარებით. მიუხედავად ამისა, სახელისუფლებო მავნე პრაქტიკა - გაზარდოს შიდა ვალი - უცვლელია“, - ვკითხულობთ მიმოხილვაში.