სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აცხადებს, რომ მისი წევრებისთვის ევროკავშირთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება მიუღებელია.
„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.
ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. ამიტომ ყოვლად მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის - თავისუფლება, ღირსება და თანაგრძნობა. ჩვენი არჩევანი ევროპაა.
ასევე ვგმობთ, ჩვენი კოლეგა, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტის კახაბერ ეცადაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“, - ნათქვამია განცხადებაში.