ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთან შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა, ეხმიანება.
მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია 2008 წელს დაიდო, ის მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას.
„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან მოკლედ: „ქართულმა ოცნებამ“ ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. ქარტიას ხელი 2009 წლის დასაწყისში მოეწერა. ეს იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიაზე ერთგვარი პასუხი, და - სრულიად ბუნებრივად - უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობს ქარტია (United States-Georgia Charter on Strategic Partnership) შედგება 5 სექციისგან.
პრინციპების დონე - ეს სექცია ქმნის მთელი დოკუმენტის იდეას - ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ პირველივე მუხლი არის „1. Support for each other’s sovereignty, independence, territorial integrity and inviolability of borders constitutes the foundation of our bilateral relations.“ ანუ მთელი ჩვენი არაღიარების პოლიტიკა, აშშ-ის მთავარი შემაკავებელი ბერკეტი, რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დაცვა, დღეს ჰაერში კიდია.
სექცია 2 - თავდაცვა და უსაფრთხოების თანამშრომლობა; ქართული ჯარის გადაიარაღება, NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები (აი, ჯაველინები რომ მოგვცეს, გახსოვთ?) ეს ყველაფერი შეჩერდება. ღრმა ინსტიტუციური თანამშრომლობა - ეგეც.
სექცია 3 - ეკონომიკა - ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შანსი და პრეფერენციული დამოკიდებულება - ეს ყველაფერი დაივიწყეთ.
სექცია 4 - დემოკრატია და საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და უზარმაზარი ამერიკული პროგრამები საჯარო მოხელეებისთვის - დაივიწყეთ.
სექცია 5 - ფულბრაითი, ფლექსი, UGRAD, Legislative Education and Practice (LEAP), the International Visitor Leadership Program და English Language Teaching and Learning Program, კულტურული ძეგლების აღდგენაში დახმარება - ეს ყველაფერი ჰაერში კიდია.
ყოველწლიური მაღალი დონის კომისიების შეკრება ამ საკითხების გასაღრმავებლად - ესეც დაივიწყეთ.
არანაირი „ტრამპი მოვა და ბიძინა დაალაგებს“ არ გიშველით.
ქართულმა ოცნებამ ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა და არაღიარების პოლიტიკა.
ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხუშტურისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი მელაშვილი.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.
პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.
ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.