აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი 100%-იან ტარიფებს დაუწესებს BRICS-ის ქვეყნებს, თუ დოლარის ალტერნატივის მიზნით საკუთარ ვალუტას შექმნიან.
„BRICS-ის ქვეყნების მიერ დოლარზე უარის თქმის მცდელობის იდეა დასრულდა. ჩვენ ამ ქვეყნებისგან ვითხოვთ ვალდებულებას, არ შექმნან BRICS-ის ახალი ვალუტა ან მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერ სხვა ვალუტას, რომელმაც, შესაძლოა, ძლიერი ამერიკული დოლარი შეცვალოს,“ - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
ის BRICS-ის ქვეყნებს, ასევე, ამერიკულ ბაზარზე შესვლის დაბლოკვით დაემუქრა.
„არ არსებობს მცირედი შანსიც კი, რომ BRICS-მა საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ დოლარი შეცვალოს. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამის გაკეთებას შეეცდება, შეუძლია ხელის დაქნევით დაუყოვნებლივ დაემშვიდობოს ამერიკას,“ - ხაზგასმით აღნიშნავს ტრამპი.
აპრილში Bloomberg წერდა, რომ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩევლებმა მას სანქციების დაწესება შესთავაზეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ორმხრივ ვაჭრობას სხვა ვალუტაში ესწრაფვიან. მათ წინადადებებს შორის არის ექსპორტის შეზღუდვების შემოღება, ვალუტის მანიპულირებაზე ბრალდებები და ტარიფების დაწესება.
ცნობისთვის: 2022 წლის ივნისში პუტინმა განაცხადა, რომ BRICS-ის ვალუტების კალათის საფუძველზე „საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის“ შექმნას აპირებს. თუმცა ოქტომბრის შუა რიცხვებში პოზიცია შეიცვალა და აღნიშნა, რომ ბლოკის დონეზე ერთიანი ვალუტის შემოღება “არ განიხილება,” რადგან BRICS-ის ქვეყნები ამისთვის “მზად არ არიან.” ერთიანი ვალუტის ნაცვლად პუტინი ამჯერად ვაჭრობის ეროვნულ ვალუტაში განხორციელებისა და SWIFT-ის ანალოგის შექმნის წინადადებით გამოვიდა.
BRICS-ი ხუთი ქვეყნის, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა, რომელიც 2006 წლის ივნისში დაფუძნდა. 2022 წელს გამართულ BRICS-ის XIV სამიტზე ბლოკი გაფართოებული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, რომელსაც „BRICS+“ ეწოდა. კერძოდ, ბლოკს შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეთიოპია, ხოლო თურქეთმა და აზერბაიჯანმა მოგვიანებით BRICS-ში წევრობის განაცხადი წარადგინეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ