ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს მასშტაბით უკვე ათეულობით სკოლა გამოეხმაურა. პროტესტის ნიშნად, უკვე რამდენიმე მათგანში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.
დღეიდან შეჩერდა სწავლა კომაროვის სახელობის სკოლასა და წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლებში, რომლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ნაწილი არსებულ ვითარებას აპროტესტებს.
2 დეკემბერს სწავლა შეჩერებულია ნიუტონის თავისუფალ სკოლაშიც. „ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას“ - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სწავლა შეჩერდა მწვანე სკოლაშიც, რომლის ადმინისტრაციაც სოციალურ ქსელში წერს: „მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სასწავლო პროცესი, რათა დავიცვათ მოქალაქის ფუნდამენტური პრინციპი - ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება“.
2 დეკემბერს სასწავლო პროცესი არ გაიმართება ასევე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ სკოლაშიც. „ღიად ვაფიქსირებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის და მმართველი პარტიისგან მოვითხოვთ შეწყვიტოს მისი ხელყოფა“ - წერს სკოლის ადმინისტრაცია.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა UG სკოლამაც, რომელიც აცხადებს, რომ მასწავლებელთა პროტესტის გამო სასწავლო პროცესს წყვეტს. აღსანიშნავია, რომ სწავლა შეჩერებულია საქართველოს უნივერსიტეტშიც.
2 დეკემბერს, პროტესტსა და გაფიცვას იუნკერთა სახელობის თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილიც უერთდება.
პროტესტი გაგრძელდა რეგიონებშიც - გაფიცულები არიან ზუგდიდის N5 საჯარო სკოლისა და ქართულ-ფრანგული სკოლის მოსწავლეებიც, რომლის გამოც საგაკვეთილო პროცესი სკოლაში დღეს შეწყდა.
აქციებს მართავენ მოსწავლეები ქუთაისშიც. ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ თბილისის სკოლების პროტესტს მხარს უჭერენ.
არსებულ მდგომარეობას მოსწავლეები აპროტესტებენ ფოთშიც, სადაც გაფიცულია რამდენიმე სკოლა. სწავლა შეჩერდა ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანისა და ახალციხის მე-6 საჯარო სკოლაშიც. უკანასკნელი ინფორმაციით, პროტესტს ჩოხატაურის საჯარო სკოლაც შეუერთდა.
"ბიზნესპრესნიუსი" განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად შემოგთავაზებთ