აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დენის ნაკადის მისაღებად რუსეთის სხვა ქვეყნებით, კერძოდ, თურქეთით, აზერბაიჯანითა და სომხეთით ჩანაცვლებას განიხილავდა.
ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ განაცხადა, რასაც “აფსნიპრესი” ავრცელებს.
კერძოდ, ბგანბა ამბობს, რომ ახლახან დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანსუღ ნანბა, “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორი, ტიმურ ჯინჯოლია და “ენგურჰესის” გენერალური დირექტორი, ლევან მებონია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაისვა საკითხი სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის შეძენის შესაძლებლობის შესახებ.
“დისკუსია ეხებოდა, იყო თუ არა შესაძლებელი ელექტროენერგიის შეძენა რომელიმე სხვა ქვეყანაში. განიხილებოდა ნაკადის მიღების შესაძლებლობა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, მაგრამ ფასები, რუსეთთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა,” - აცხადებს ბგანბა.
ამასთან, ბგანბა ამბობს, რომ რუსულ დენზე საფასურის გადასახდელად დე ფაქტო მთავრობა ყველა გადახდას, მათ შორის, ბიზნესხარჯებსა და მიზნობრივ პროგრამებს აჩერებს.
აფხაზეთმა 28 ნოემბერს რუსეთში 80 მლნ რუბლი გადარიცხა, რაც ნაკადის მიწოდებას მხოლოდ 5 დეკემბრამდე უზრუნველყოფს, შემდეგ კი, ბგანბას თქმით, აფხაზური მხარე “სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, თუ სად იშოვოს ფული რუსული დენის შემდეგი გადასახადისთვის.”
მისი მონაცემებით, აფხაზეთში ახალ წლამდე მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის 4 რუბლად (0.03 დოლარად) მისაწოდებლად ყოველდღიურად 15 მლნ რუბლის (მინიმუმ, 142,000 დოლარის) გადახდა არის საჭირო.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მილიონი კვტ/სთ-ით გაიზარდა და თუ კიდევ გაიზრდება, მაშინ რუსეთი ნაკადს სრულად ვეღარ უზრუნველყოფს, რადგან რუსულ მხარეს ელექტროენერგიის ნაკადის გაყიდვაზე ლიმიტი აქვს, რომელსაც ვერ გადააჭარბებს.
ბგანბას თქმით, მართალია, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ ოდნავ მოიმატა და შედინებამ 68 კუბური მეტრი შეადგინა. მაგრამ, პარალელურად, სიცივეების გამო ელექტროენერგიის მოხმარება მილიონ კვტ/სთ-ით გაიზარდა.
ბგანბა, ასევე, ამბობს, რომ აფხაზ მომხმარებლებში დენის ფულის ამოღება მკვეთრად შემცირდა. დენის გადასახადს სულ უფრო ნაკლები ადამიანი, ხოლო ე.წ. იურიდიული პირების მხოლოდ 70% იხდის.
ცნობისთვის: აფხაზეთს რუსული ელექტროენერგიის კომერციული ნაკადი 1-ლი ნოემბრიდან მიეწოდება. კერძოდ, აფხაზეთში ელექტროენერგიის ამჟამინდელი დეფიციტი 260 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, საიდანაც 60 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან კომერციული ნაკადით 1-ლი ნოემბრიდან შეივსო, ხოლო დარჩენილი 120 მლნ.კვტ/სთ დეკემბერში უნდა დაიფაროს.
რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ, ანუ სოციალური ნაკადის სახით აღარ აწვდის და აფხაზურ მხარეს მასში კომერციულ ფასის გადახდა უწევს. მითუმეტეს, ეს ფასი აფხაზეთში მოქმედ ტარიფზე ორჯერ მეტია. კერძოდ, „ჩერნომორენერგოსა“ და რუსულ Inter RAO-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აფხაზეთი რუსეთისგან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიას 4 რუბლად (0.03 დოლარად) ყიდულობს, მაშინ, როცა თავად აფხაზეთში 1 კვტ/სთ-ის ღირებულება, საშუალოდ, 2 რუბლზე (0.01 დოლარზე) ნაკლებია. ამასთან, 1-ლი ნოემბრიდან აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დენის გათიშვის ოთხსაათიანი გრაფიკი მოქმედებს. კერძოდ, მოსახლეობას მიწოდება დღისით და ღამით ორ-ორი საათით ეზღუდება.
აფხაზეთის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო სამინისტროს მონაცემებით, ზაფხულში, საკურორტო სეზონის, სასტუმროებისა და კონდიციონერების მუშაობის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება დღეში 4 მლნ კვტ/სთ-ს, მიმდინარე სეზონზე კი, ალტერნატიული წყაროების არარსებობის გამო, ორჯერ მეტს, 8 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ