კომპანიები, რომლებიც უარს იტყვიან გადასახადების გადახდაზე, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი პროფესიულ საადვოკატო მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ადვოკატი bpn.ge-სთან საუბრისას განმარტავს, ამ პროცესის კანონის ჩარჩოში მოქცევა შესაძლებელია, თანაც ისე, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ.
მეტიც, აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ თუ ბიუჯეტი ბიზნესის მიერ არ შეივსება, ეს ნიშნავს ძალოვანი უწყებების ნაკლებ დაფინანსებას, შედეგად კი საზოგადოებრივი აზრი დომინანტი გახდება.
„ამ ინიციატივის ავტორებს, ვინც გამოთქვა აზრი, რომ გადასახადები არ გადაიხადოს, ვთავაზობ, ეს მოხდეს იურიდიულად გამართულად, რათა არ იყოს კრიმინალი და არ დაემსგავსოს გადასახადებისგან თავის არიდებას. ამიტომ, თუ ბიზნესს სურვილ აქვს, მინდა, მათ დავეხმარო სამართლებრივად სწორ ჩარჩოში მოვაქციოთ, რათა მათ თავი იგრძნონ პროტესტის ნაწილად და იმავე დროს, არ იყვნენ კრიმინალში გახვეულები, ფინანსური დანაშაულის კუთხით.
ეს ინიციატივა გულისხმობს არა გადასახადების გადაუხდელობას, არამედ გადასახადების რეჟიმის დაყოვნებას, სწორი ჩარჩოს შექმნას. კერძოდ, ჩვენ გვაქვს სადეკლარაციო პერიოდები, ახლა 15 დეკემბერი მოდის, დღგ-ის დეკლარირებას ახდენენ კომპანიები, ასევე, არსებობს სხვადასხვა საგადასახადო ურთიერთობები, საშემოსავლო და სხვა, სადაც დაყოვნების რეჟიმის გამოყენება სრულიად შესაძლებელია. თუმცა, ყველა მოდელი არის ინდივიდუალური, არიან კომპანიები, ვისაც აქვს ნაღდი ფული სალაროში, არიან ისინი, ვისაც ანგარიშებზე აქვს თანხა განთავსებული, ამიტომ ყველა მომართვის შემთხვევაში თითოეული ბიზნესის შესწავლის შედეგად, შესაძლებელია, ინდივიდუალური მოდელის შექმნა. ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს მკაცრად ეფექტური, ზოგ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად ეფექტური, ან საერთოდ ვერ გამოვიყენოთ ეს მოდელი, თუმცა, ის, რომ გვერდით დავუდგეთ და იურიდიულად სწორი ჩარჩო მივცეთ ამ ყველაფერს. ბიზნესზე ამას აუცილებლად გადაიხდის, მაგრამ ამ კრიზისის დაძლევაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა შეუძლია, თუ ამ გადასახადებს დავაყოვნებთ.
კერძოდ, ნებისმიერი გადასახადი არის საბიუჯეტო შემოსავალი, საბიუჯეტო შემოსავალი ეს არის ყოველთვის ხარჯი, ეს მიდის ხელფასებში, სხვადასხვა პროექტებში, შესყიდვებში და ცხადია, თუკი ეს ტრანსფერირება არ მოხდება, ვერ შეძლებენ იმ რობოკოპების დაფინანსებას, წყლის ჭავლის გამოყვანას და აქ შეიქმნება პრობლემები, შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრი დომინანტი გახდება.
რაც შეეხება ბიზნესის მხრიდან გამოხმაურებას, არიან კომპანიები, რომლებმაც თავად განაცხადეს, რომ სურვილი არ გადაიხადონ, ჩვენი შეთავაზება მხოლოდ სოციალური ქსელით გავრცელდა, ამიტომ კომპანიების ნაწილმა პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოგვმართა და ალბათ, თავადაც გაავრცელებენ ინფორმაციას ჩვენი შეთავაზების შესახებ“,- ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.