აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტს განიხილავს.
ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის პრესმდივანმა, ასტანდა ტაბაღუამ განაცხადა.
დე ფაქტო დეპუტატები ამ კანონის განხილვას 15 ნოემბერს აპირებდნენ, თუმცა მაშინ სხდომის დღის წესრიგს მხარი არ დაუჭირეს, რადგან „საინვესტიციო შეთანხმება“ აფხაზურმა ოპოზიციამ ქუჩაში მწვავედ გააპროტესტა. კერძოდ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები, მათ შორის, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. მოლაპარაკებების შემდეგ ბჟანია გადადგა, რის სანაცვლოდაც დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს, ხოლო ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვლისთვის ჩაინიშნა.
თუმცა მოსკოვი ამ დოკუმენტის დამტკიცებას დაჟინებით მოითხოვს. მის ხელმოწერამდე კრემლმა 1-ლი სექტემბრიდან აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსებაც კი შეაჩერა. შედეგად, “საინვესტიციო შეთანხმებას” 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი, რომლის რატიფიცირებაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უნდა მოახდინოს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ გადადგომის შემდეგ აფხაზეთიდან 22 ნოემბერს გაქცეული ასლან ბჟანია დღეს მოსკოვიდან უკან დაბრუნდა. ამის შესახებ TASS-ს მისმა გარემოცვამ განუცხადა.
ცნობისთვის: რუსეთსა და აფხაზურ მხარეს შორის გაფორმებულ შეთანხმებას მიხედვით, რუსულ კომპანიებს აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი საინვესტიციო პროექტების განხორციელების უფლება ეძლევათ. დოკუმენტი მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს და აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის დამხმარე ზომებს ადგენს. კერძოდ, რუსი ოლიგარქები აფხაზეთში ინვესტიციების სანაცვლოდ 25 წლამდე გადასახადისგან თავისუფლდებიან. შეღავათები 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) მეტ ინვესტიციებს ეხება. ამდენად, ხელშეკრულება უცხოურ მსხვილ კაპიტალს შესაძლებლობას აძლევს, უთანასწორო კონკურენციის პირობებში, თითქმის, ნებისმიერ ინდუსტრიაში რეალურად მონოპოლისტი გახდეს.
ამასთან, შეთანხმების ნაწილი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც, ოპოზიციის მტკიცებით, აფხაზეთში რუსების მასიური ჩასახლება მოჰყვება. ოპოზიცია, ასევე, აცხადებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიას,” ანუ მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ