„საქართველოდან გავა საკმაოდ დიდი კაპიტალი - ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება“

„მაშინ მთავრობამ უნდა თქვას, რა ალტერნატიული გეგმა აქვს, როცა ამბობს, რომ ევროპიდან და ამერიკიდან არ გვინდა დახმარება“,- ამის შესახებ „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდა სახელმწიფო დახმარებისა, საქართველოდან გავა საკმაოდ დიდი კაპიტალი, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.

„ჩვენი ეკონომიკა ასე ჩაკეტილ რეჟიმში ვერ გააგრძელებს დიდხანს. მაშინ ალტერნატიული გეგმა უნდა არსებობდეს. იმიტომ, რომ ევროპიდან, ამერიკიდან არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შემოდის გრანტები, არამედ კერძო სექტორშიც საკმაოდ დიდი კაპიტალია შემოსული. შესაბამისად, თუ ჩვენი ქვეყანა უარს იტყვის ევროპულ გზაზე, ეს იმას ნიშნავ, რომ ეს კაპიტალი დიდი ალბათობით, გავა ქვეყნიდან. არცერთი ინვესტორისთვის აღარ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყანა. ეკონომიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ჩვენ რომ გვქონდეს გარკვეული ბუნებრივი რესურსები, გასაგებია, რომ რაღაც პერიოდში შევძლებთ, გავძლოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ არ ჩანს გამოსავალი.

ამიტომ, მაშინ მთავრობამ უნდა თქვას, რა ალტერნატიული გეგმა აქვს, როცა ამბობს, რომ ევროპიდან და ამერიკიდან არ გვინდა დახმარება. გარდა სახელმწიფო დახმარებისა, საქართველოდან გავა საკმაოდ დიდი კაპიტალი, რაც დღეს ინვესტორებს გააჩნიათ. ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება“,- ამბობს ბესო ორთოიძე.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გაიფიცა სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილი. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.

იქამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.

ნინი ქეთელაური