ჩინეთის ქალაქ სიანის ყაზახურ-ჩინური ტერმინალიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის (შუა დერეფნის) გასწვრივ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მე-300-ე, საიუბილეო საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა.
მონაცემებს ყაზახეთის რკინიგზა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაზიდვა აზერბაიჯანულ ADY Express-თან და ჩინურ კომპანია Xi'anFree Trade Port-თან თანამშრომლობით განხორციელდა.
ყაზახეთის რკინიგზა წერს, რომ „საიუბილეო მატარებელი, რომელიც ყაზახეთის გავლით აზერბაიჯანში მიემგზავრება, შუა დერეფნის მიმართ ტვირთის გამგზავნთა დიდ ინტერესს ხაზს უსვამს. ასევე, აჩვენებს მარშრუტის, როგორც ერთ-ერთი საკვანძო სატრანსპორტო დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შორის სწრაფ და ეფექტურ კავშირს უზრუნველყოფს.“
შედარებისთვის: გასულ წელს შუა დერეფანზე ტრანზიტით მხოლოდ 11-მა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, მაშინ, როცა მიმდინარე წლის დასაწყისიდან მარშრუტზე უკვე მე-300-ე მატარებელი მოძრაობს.
უწყების ცნობით, „ეს შედეგი ყველა წინა წლის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება“ და შუა დერეფნის განვითარებას ახალი ბიძგი სწორედ სიანის ტერმინალმა მისცა, რომელიც „მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძია.“
კერძოდ, „ამ ტერმინალში ჩინეთის სხვადასხვა პროვინციიდან ტვირთის კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია და ტრანსპორტირების მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.“
ყაზახეთის რკინიგზის მონაცემებით, ამჟამად ჩინეთიდან შუა დერეფნით ტრანსპორტირების მოცულობამ 27 ათას ოცფუტიან ეკვივალენტურ კონტეინერს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25-ჯერ მეტია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ