„აირწინაღები აღარ იყიდება, მარაგები ამოგვეწურა - სათვალეები, ჩაფხუტები ზოგ ფილიალში არის“ - მაღაზიები

მაღაზიებში აირწინაღები, ჩაფხუტები და სათვალეები აღარ იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ „დომინოში“ დაუდასტურეს. მათი განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ „მარაგები ამოიწურა“.

რას აცხადებენ მაღაზიებში აირწინაღების, ჩაფხუტების და სათვალეების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით

„ჩვენთან აღნიშნული ინვენტარი აღარ იყიდება. მარაგები ამოიწურა. რაც შეეხება განცხადებას [პროდუქციის დახლებიდან მოხსნის შესახებ], ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ,“ - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს „დომინოში“.

ამ პროდუქტების შეძენა ასევე შეუძლებელია ელექტრონული გაყიოდვების პლატფორმაზე - VELI.STORE-ზეც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებენ ამის მიზეზი მათ შემთხვევაშიც მარაგების ამოწურვაა. მათი ცნობით, მარაგები დღეიდან ამოიწურა.

კიდევ ერთ ჰიპერმარკეტში გორგიაში კი აცხადებენ, რომ აირწინაღების მარაგი მათ ყველა ფილიალში ამოწურულია. ამასთან, მათი ცნობით არ აქვთ ინფორმაცია თუ როდის მოხდება მარაგების შევსება. რაც შეეხება სათვალეებს და ჩაფხუტებს, როგორც „გორგიაში“ აცხადებენ მათი მარაგი ზოგიერთ ფილიალში ჯერ არის.

„აირწინაღები გაყიდვაში უკვე აღარ გვაქვს. მარაგები ამოიწურა. არ ვიცი როდის შევავსებთ, თუმცა, მოთხოვნა ძალიან მაღალია და ჩვენი გუნდი მუშაობს რომ რაც შეიძლება მალე შემოვიტანოთ აირწინაღები და დავაბრუნოთ გაყიდვაში,“ - აცხადებენ „ველიში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაღაზიებს აირწინაღები, სათვალეები და ჩაფხუტები გაყიდვიდან ამოაღებინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. ასევე ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ჯგუფებშიც ვრცელდება ინფორმაცია.

„მაღაზიებს აეკრძალათ აირწინაღების, ჩაფხუტების და სათვალეების გაყიდვა. სტენდები დაშალეს დიდმა ქსელებმა.საწყობების მარაგები დალუქულია“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნინი ქეთელაური