საერთაშორისო არბიტრაჟებში 10 მიმდინარე დავის ფარგლებში ინვესტორთა მხრიდან მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.7 მლრდ დოლარს, დაახლოებით 4.5 მლრდ ლარს შეადგენს - ამის შესახებ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების განახლებულ დოკუმენტში. დოკუმენტი თან ახლავს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავები ფისკალური რისკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ.
„საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავები, ზომის მიხედვით, ძირითადად, წარმოიქმნება ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში და ძირითადად უკავშირდებიან წარუმატებელ და შეწყვეტილ მასშტაბურ პროექტებსა და კონტრაქტებს, ხშირად დავის საგანს წარმოადგენს საჯარო საინვესტიციო პროექტებისთვის, ძირითადად, გზების პროექტებისთვის ექსპროპრირებული მიწები.ასევე, დავები უკავშირდება სხვადასხვა სექტორის კომპანიების უცხოელი ინვესტორების სარჩელს მათი უფლებების არასათანადოდ დაცვის შესახებ, აგრეთვე ,აღსანიშნავია უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორების დავები, რომლებიც დაკავშირებულია ლიცენზიებსა და ნებართვებზე უარის თქმასთან ან იმ პროექტების გაუქმებასთან, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოპოვებული ნებართვები და ლიცენზიები.
რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟს, საყურადღებოა, რომ დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს, გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის ვალდებულებები მხარეებისთვის სპეციალიზებული სასამართლოების მიერ, როგორებიცაა - საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრი (ICSID) ან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (ICC). ამასთან, ძალიან ხშირად შეთანხმება მიიღწევა ისეთ თანხაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველ მოთხოვნასთან შედარებით. ასევე, სახელმწიფომ შესაძლოა მოამზადოს შემხვედრი სარჩელი და მოიპოვოს გამარჯვება შესაბამისი კომპენსაციით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 10 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 1.7 მლრდ აშშ დოლარს (4.5 მლრდ ლარს), რაც 2023 წლის მშპ-ს 6%-ს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, იმ შემთხვევაშიც თუ ასანაზღაურებელი დავის თანხის მოცულობა არის მოთხოვნილზე ბევრად ნაკლები, მსხვილი და მასშტაბური სასამართლო დავის წაგება წარმოადგენს შემთხვევას, რომელიც არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა.
რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას (6 დავა), 3 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 1 დავა - სახელმწიფოს ნაწილობრივი გამარჯვებით (თითოეულ მხარეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა) და 2 დავაზე სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს ასიგნებებს შესაძლო წაგებული საქმეებისთვის. გასულ წლებში წაგებული გადახდილი ფაქტობრივი თანხის ოდენობა იყო არაარსებითი, მეორე მხრივ, ეს სტატისტიკა არ წარმოადგენს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შემდგომ წლებში ამ მიმართულებით ხარჯები ასეთივე არარსებითი იქნება,"- აღნიშნულია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში თურქულმა კომპანია Enka Renewables-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მლნ დოლარის დავა მოუგო.
„საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა და გადაწყდა, რომ ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ კანონიერად შეწყვიტა ხელშეკრულება. საქართველოს მთავრობას კი დაეკისრა ჩვენი შვილობილი კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა, 383.2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით“, - აღნიშნულია ENKA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულს გამოეხმაურა მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ საქმე საბოლოოდ არ დახურულა და დავა ისევ გრძელდება.