ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტი 8.8 მლრდ-მდე იზრდება - რა თანხას მიიღებენ სამინისტროებო 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის მესამე, საბოლოო პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 27.941 მილიარდ ლარამდე იზრდება. აქედან საბიუჯეტო სახსრები შეადგენს - 26.655 მლრდ ლარს, გრანტები - 59.909 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1.225 მლრდ ლარს.

აღსანიშნავია, რომ გაისად, როგორც მიმდინარე წელს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება იზრდება და 8.820 მლრდ ლარი ხდება.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რამდენით იზრდება სამინისტროების ასიგნებები და რა თანხებია გათვალისწინებული სხვადასხვა უწყებისთვის, 2025 წლის ბიუჯეტის მესამე პროექტის მიხედვით ასე გამოიყურება:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 8.820 მლრდ ლარით განისაზღვრა
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3.085 მლრდ ლარით
  • კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 297.649 მლნ ლარით;
  • სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 298.35 მლნ ლარით
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3.125 მლრდ ლარით;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808.1 მლნ ლარს;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მლნ ლარი;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 121 მლნ ლარს;
  • იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 442 მლნ ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 215 მლნ ლარი;
  • თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.730 მლრდ ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.395 მლრდ ლარი;

ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის მესამე გადამუშავებული ვერსია კვირის დასაწყისში წარუდგინა. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 25.3 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 25,5%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 35,9%-ის ფარგლებშია.

ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32.4 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1.2 მლრდ ლარით და გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში აისახა იმ მიმართულებების დამატებითი დაფინანსება, რაც გაწერილია სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“. - აღნიშნულია დოკუმენტში.