„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ მისი ანაზღაურების ზრდა არ მოხდეს და დარჩეს ზღვარზე (12 500 ლარი), რომელიც 2026 წლამდე მოქმედი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
შესაბამისი თხოვნა თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ბიუჯეტი განიხილეს.
„გენერალურ დირექტორს უნდა ჰქონდეს ძალიან სტაბილური ანაზღაურება, რათა არ ჰქონდეს ცდუნება, რომ სხვა ინტერესები ჩართოს ამ საკმაოდ მაღალი ბიუჯეტის მართვის დროს. აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს გადაწყვეტილებას, თუმცა დამიტოვეთ უფლება, მე დავრჩე იმ კონტრაქტის პირობებში, რომელიც მე გათვალისწინებული მაქვს 2020 წლიდან 2026 წლამდე და ყველა ის ჩემი პირობა, რომელიც იყო და რომელსაც დავთანხმდი, იყოს უცვლელი“, - აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
ინფორმაციისთვის, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებები და 2025 წლის 1-ლი იანვრიდან მისი ანაზღაურების 16 250 ლარამდე გაზრდა იგეგმებოდა.