რა მოცულობის ელექტროენერგია მიეწოდება ოკუპირებულ აფხაზეთს - „ენგურჰესის“ მონაცემები

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული ვითარების საგანგებოდ შეფასების ფონზე, „ენგურჰესი“ წარმომადგენლობა აცხადებს, რომ რეგიონისთვის მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი მოცულობის ელექტროენერგია იქნება მიწოდებული.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, ზამთრის თვეებში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა დღე-ღამეში დაახლოებით, 2,5-3 მლნ კვტ.სთ იქნება.

„მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ენგურჰესიდან და ვარდნილჰესიდან აფხაზეთმა 325,641,874.90 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო. ანალოგიური მაჩვენებელი მთელი წლის ჭრილში (ნოემბრის ჩათვლით) 1,769,024,599.39 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.

ენგურჰესი და ვარდნილჰესი მუშაობას განაგრძობს და შესაბამისად, აფხაზეთს მიაწვდის მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი მოცულობის ელექტროენერგიას, რაც ზამთრის თვეებში დღე-ღამეში, დაახლოებით, 2,5-3 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს“, - აცხადებენ „ენგურჰესში“.

ინფორმაციისთვის, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ აფხაზეთში ენერგეტიკულ ვითარებას საგანგებო უწოდა. მისი ცნობით, „ენგურჰესის კაშხალში დონემ ავარიულ დონეს მიაღწია. წყლის შედინება დაბალია და წამში მხოლოდ 40 კუბური მეტრს შეადგენს, ამიტომ ენგურჰესი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაჩერდეს.”

ნათია ზარიძე