საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორებთან საერთაშორისო სასამართლო დავებში იურისტების დაქირავებისთვის გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის ღირებულება 5.3 მლნ ლარს შეადგენს და მის ფარგლებში უწყება 2025 წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის სასამართლოებში იურისტების მომსახურებას შეიძენს.
დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დავები ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემულ თანხებს და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ამდენად, დავის კვალიფიციურად წარმოება წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს. ვინაიდან ზოგიერთი დავა უკვე დასრულდა, ხოლო სასამართლო დავები გრძელდება უკრაინასა და ყაზახეთში და, ასევე, შეიძლება, წინასწარ განუსაზღვრელად დადგეს სხვა ხელშეკრულების ფარგლებში იურიდიული მომსახურების შესყიდვის აუცილებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, მაგრამ არაა დაზუსტებული კონკრეტული კომპანიები.
"2024 წლის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეისყიდა სხვადასხვა ტიპის იურიდიული მომსახურება, კერძოდ, უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით, FIDICის ტიპის ხელშეკრულებების ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ასეთივე ტიპის ხელშეკრულებების ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი ანალიზის მომზადებასთან დაკავშირებით, დავების განხილვის საბჭოში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით (მათ შორის საჭირო გახდა ხარჯთაღრიცხვის (quantumexpert), დაგვიანების (delay expert) და გეოტექნიკური (Geotechnical expert) ექსპერტების დასკვნები, დეპარტამენტმა2024 წლის განმავლობაში იურიდიული მომსახურება შეისყიდა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიებისგან: „White & Case LLP“, „Hogan Lovells International LLP“, „SquirePatton Boggs (UK) LLP“ და „Arnold & Porter Kaye Scholer LLP“.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უკრაინაში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ მიმდინარეა. შესაბამისად, სასამართლო დავები გაგრძელდება 2025 წლის განმავლობაში.
უკრაინაში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს უკრაინულ ენაზე და ასევე გამოსაყენებელი სამართალი არის უკრაინული. ამდენად, დეპარტამენტს არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია და მოკლებულია შესაძლებლობას, არსებული რესურსით აწარმოოს აღნიშნული დავები.
გარდა აღნიშნულისა, დეპარტამენტი სამართლებრივ პროცესებს წარმართავს ყაზახეთში, სადაც დეპარტამენტმა მოიგო სამართლებრივი დავა და ამჟამად აქტიურად მონაწილეობს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებში. პროცესი ამჟამადაც მიმდინარეა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გაგრძელდება 2025 წელსაც.
შესაბამისი პროცესები მიმდინარეობს ყაზახეთში ყაზახეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დეპარტამენტი არსებული რესურსისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, მოკლებულია შესაძლებლობას, აწარმოოს აღნიშნული დავა დამოუკიდებლად", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.