ტრამპმა NASA-ს ხელმძღვანელად ღია კოსმოსში მყოფი მილიარდერი წარადგინა

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ასტრონავტი, მილიარდერი და კოსმოსური ტურისტი, ჯარედ აიზეკმანი აერონავტიკისა და კოსმოსური მეცნიერების ეროვნული ადმინისტრაციის, ანუ NASA-ს ხელმძღვანელად დაასახელა.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„მოხარული ვარ, NASA-ს ხელმძღვანელად აღიარებული ბიზნეს-ლიდერი, ქველმოქმედი, მფრინავი და ასტრონავტი, ჯარედ აიზეკმანი დავასახელო… ჯარედი NASA-ს მისიას კრეატიულობითა და შთაგონებით უხელმძღვანელებს და გზას გაუხსნის რევოლუციურ წინსვლას კოსმოსურ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და კვლევებში,“ - ამბობს ტრამპი.

ამჟამად აიზეკმანი გადახდების დამუშავების კომპანიის, Shift4 Payments-ის მმართველი, ასევე, კერძო კომპანია Draken International-ის თანადამფუძნებელია, რომელიც უკრაინელი მფრინავების F-16-ზე მოსამზადებლად გადამდგარ სამხედრო მფრინავებს ქირაობდა.

სენატის დამტკიცების შემთხვევაში აიზეკმანი, რომელსაც მთავრობასა და პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, NASA-ს 25 მლრდ დოლარის ბიუჯეტს გააკონტროლებს.

ამჟამად NASA-ს ბილ ნელსონი ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის: სექტემბერში ჯარედ აიზეკმანმა პირველ კომერციულ კოსმოსურ მისიაში, Polaris Dawn-ში მიიღო მონაწილეობა. მისიის დროს ის და ინჟინერი, სარა გილისი, როგორც არაპროფესიონალი ასტრონავტები, ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ