უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ულიმიტო ფრენის სამგზავრო საშვი გაყიდვაში დააბრუნა.
ინფორმაციას Avianews ავრცელებს.
კერძოდ, ულიმიტო ფრენის საშვი, All You Can Fly ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. ამასთან, მისი ფასი 499-დან 599 ევრომდე გაიზარდა. საშვი ავიაკომპანიის ნებისმიერ საერთაშორისო რეისზე ფიქსირებულ ფასად, ანუ 9,99 ევროდ შეუზღუდავი რაოდენობის ბილეთის დაჯავშნის საშუალებას იძლევა.
მომსახურების პაკეტში მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის, რომლის ზომაც 40x30x20 სმ-ს, ხოლო წონა 10 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ მგზავრს მეტი ბარგის გადატანა ან თვითმფრინავში ადგილის შერჩევა სურს, მაშინ Wizz Air-ის ბილეთის სტანდარტული ფასი უნდა გადაიხადოს.
All You Can Fly-ის საშვზე მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, ის ბილეთის დაჯავშნის საშუალებას მხოლოდ იმ მგზავრისთვის იძლევა, რომლის სახელზეც არის საშვი გაცემული. ამასთან, ბილეთის შეკვეთა გამგზავრებამდე 72-იდან 3 საათამდე არის შესაძლებელი, ანუ მგზავრი მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას ვერ შეძლებს, ხოლო პოპულარულ მიმართულებებზე შესაძლოა, თავისუფალი ადგილები აღარ შეხვდეს.
ასევე, თუ მგზავრმა ფრენა დაჯავშნა, მისი შეცვლა შეუძლებელია. ამის გარდა, თუ მგზავრი ორ რეისს გამოტოვებს, ავიაკომპანიას შეუძლია, საშვი გააუქმოს და მომხმარებელი საშვის ღირებულების ოდენობით დააჯარიმოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ