ელჩები, რომლებიც გადადგნენ - მიზეზი ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებაა

მას შემდეგ რაც, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე გაწყვიტა, თანამდებობა 5 სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედმა ქართველმა ელჩმა, ან ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დატოვა. დიპლომატების განცხადებებში ამის მიზეზად ქვეყნის კურსის შეცვლა და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამოსული მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობა სახელდება.

პირველი, ვინც დაკავებული პოსტი დატოვა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში, დავით სოლომონია. ამის შესახებ ინფორმაცია დიპლომატის დამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დავით სოლომონიას მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის გმობს ძალადობას და ტოვებს თანამდებობას.

„საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხზე მუშაობას. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა. ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში, პოსტი დატოვა იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ვეკუამაც.

მის განმარტებაში ვკითხულობთ: „როგორ ეწერა სენიორ პესოას? - არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე... ყველას გვაქვს ასეთი. მე - ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ. დღეს, ამ ფიქრებით ვამბობ „უარს“ და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანს განგებამ აჩუქოს. მათ შორის, იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ - ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტარცები. ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს... მადლობა სითბოსთვის, გაძლებისთვის და რაც მთავარია, პატიებისთვის“.

მესამე ვინც, საქართველოს დიპლომატობაზე უარი თქვა, ეს იყო ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე. მან ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

„პატივი და პრივილეგია იყო ის, რომ ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემქონდა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც განუყოფელია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისგან. საქართველო ევროპაა“, - აღნიშნა სალომე შაფაქიძემ.

მალევე, პოსტი დატოვა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმაც. მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ფონსა და დიპლომატების თანამდებობიდან გადადგომებს უკავშირდება.

მეხუთე დიპლომატი, რომელმაც თანამდებობა მიმდინარე პროცესების გამო დატოვა, იყო ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე. მისი თქმით, ის რჩება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული.

„ჩეხეთში საქართველო ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. ჩემთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მსახურობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“, - დაწერა თეა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან თბილისსა და რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გაიფიცა სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილი. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.

იქამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.

ნინი ქეთელაური