თბილისში მიმდინარე აქციებმა სტუმარმასპინძლობის სექტორზე ნეგატიურად უკვე იმოქმედა. სასტუმროებს გაუუქმდა ჯავშნები, ახალიც არ შედის, რესტორნებსა და კვების სხვადასხვა ობიექტების მინიმუმამდე შეუმცირდათ სტუმრები.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა, “დღეს ხალხს სადმე წასვლის სურვილი აღარ აქვს“.
„ახლა ხალხი შეშინებული კი არ არის, შემცბარია. ხალხს არ გვაქვს სადმე წასვლის სურვილი, ტურისტი არ არის, ძალიან ცოტაა და გამქრალია. ქართველ სტუმარს არ ეხალისება ასეთ სიტუაციაში სადმე მეგობრებთან ერთად წავიდეს და გაერთოს. დასანაყრებლად სასადილოში წავედი, ეს სხვა თემაა“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
მისივე თქმით ქვეყანაში არსებული სიტუაცია პირდაპირ აისახება ხალხის განწყობაზე.
„გაფიცული და დახურული რესტორანი მე ამ ეტაპზე არ გამიგია, რომ ვერ მუშაობს, ეს ფაქტია. ჩვენი ასოციაციის წევრების ნაწილი ამბობს, რომ გარკვეულ ღონისძიებებზე ჯავშნები უკვე გაუქმდა.
გეტყვით, რომ ჩვენ დღესაც ვიღებთ მონაწილეობას აქციაში. სარესტორნო, სასტუმრო და ტურიზმის სექტორს დღესაც გვექნება აქცია იუსტიციის სახლის წინ. ამით მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს. გვსურს საქართველოში დალაგდეს სიტუაცია, ამის დალაგების ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. თავდასხმა ერთმანეთზე ეს საქართველოსთვის არაფრის მომცემია“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი კვირაა თბილისსა და რეგიონებში იმართება საპროტესტო აქციები. ამის მიზეზი პრემიერი განცხადება გახდა, რომელმაც ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებაზე და გრანტებზე 2028 წლის ბოლომდე უარი განაცხადა.
ავტორი: მაგდა შენგელია