აფხაზეთში „საბიუჯეტო ორგანიზაციებში“ დასაქმებულებზე ხელფასების გაცემა შეჩერდა

აფხაზეთში ე.წ. ბიუჯეტის დეფიციტის გამო და ელექტროენერგიის რუსული ნაკადის შესაძენად სახსრების მოძიების მიზნით დე ფაქტო საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯების დაფინანსება, მათ შორის, ხელფასების გაცემა შეჩერდა.

ამის შესახებ დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ დელბამ განაცხადა, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

მისი თქმით, დაფინანსების გარეშე, პირველ რიგში, ე.წ. ძალოვანი ბლოკი და „სამართალდამცავი“ უწყებები დარჩა, რომლებსაც როგორც ხელფასები, ისე სხვა სავალდებულო ხარჯები შეუჩერდათ.

„თუ ელექტროენერგიის შესაძენი სახსრების მოსაძიებლად ძალისხმევის კონსოლიდაციას გავაგრძელებთ, მაშინ თამამად უნდა ვთქვათ, რომ ხელფასებს ვეღარ გადავიხდით,“ - აცხადებს დელბა.

მისი თქმით, შემოსავლების დე ფაქტო სამსახური დავალიანებას გაძლიერებულად აგროვებს, მაგრამ ეს შემოსავლები სოციალური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის.

ელექტროენერგიის დეფიციტის გამო აფხაზეთი 1-ლი ნოემბრიდან ნაკადს რუსეთიდან ყიდულობს, რადგან ნაკადი სოციალური, ანუ უფასო აღარ არის და აფხაზურ მხარეს თანხის გადახდა უწევს. კერძოდ, აფხაზეთმა 28 ნოემბერს რუსეთში 80 მლნ რუბლი (799 ათას დოლარამდე) გადარიცხა, რაც ნაკადის მიწოდებას მხოლოდ 5 დეკემბრამდე უზრუნველყოფდა, ხოლო რუსული დენის შემდეგი გადახდისთვის ფული აღარ დარჩა.

აფხაზეთში ელექტროენერგიის ამჟამინდელი დეფიციტი 260 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, საიდანაც 60 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან კომერციული ნაკადით 1-ლი ნოემბრიდან შეივსო, ხოლო დარჩენილი 120 მლნ.კვტ/სთ დეკემბერში უნდა დაიფაროს. „ჩერნომორენერგოსა“ და რუსულ Inter RAO-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აფხაზეთი რუსეთისგან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიას 4 რუბლად (0.03 დოლარად) ყიდულობს, მაშინ, როცა თავად აფხაზეთში 1 კვტ/სთ-ის ღირებულება, საშუალოდ, 2 რუბლზე (0.01 დოლარზე) ნაკლებია.

რაც შეეხება დენის გადასახადის ამოღებას, ტარიფს სულ უფრო ნაკლები ადამიანი, ხოლო ე.წ. იურიდიული პირების მხოლოდ 70% იხდის.

აფხაზური „ჩერნომორენერგოს“ განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციიდან ნაკადი შეჩერდება, აფხაზეთი მხოლოდ ენგურჰესიდან მომარაგდება და მოსახლეობას დენი დღეში 7-8 საათზე მეტად ვეღარ მიეწოდება.

ცნობისთვის: აფხაზეთში ახალ წლამდე მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის 4 რუბლად (0.03 დოლარად) მისაწოდებლად ყოველდღიურად 15 მლნ რუბლის (მინიმუმ, 142,000 დოლარის) გადახდა არის საჭირო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ