დღევანდელი სიტუაცია ყველაზე ახდენს გავლენას და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. არ შეიძლება, თავი განყენებულად მოვიხსენიოთ, რადგან, თუ ქვეყანაში სტაბილურობა არ იქნება, კარგად ვერც ჩვენ ვიქნებით - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“„იაგოს მეღვინეობის“ დამფუძნებელმა, იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა.
ბიტარიშვილის თქმით, მისი ბიზნესის მიმართულებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აშუქებს ქვეყნის ამბებს საერთაშორისო მედია.
“ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ღვინის ტურიზმია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს, როგორ შუქდება ქვეყნის ამბები საერთაშორისო მედიაში. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გავლენას მოახდენს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში და ტურისტები, რომლებიც ამ პერიოდში ჩამოსვლას გეგმავდნენ, სხვა მიმართულებას აირჩევენ“, - განაცხადა მეღვინემ.
მისი თქმით, ის იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, ვინც თვლის, რომ საქართველოს კეთილდღეობა დასავლეთშია.
„მე იმ ადამიანთა კატეგორიას განვეკუთვნები, ვინც თვლის, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია, არამარტო ღვინის წარმოების კუთხით, არამედ ყველა მიმართულებით. არ შეიძლება ადამიანმა მხოლოდ ერთი დარგის გულშმატკივრობით იცხოვროს. მე ჩემი ცხოვრება ღვინოს მივუძღვენი და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ აქ საუბარია ქვეყნის კეთილდღეობაზე და ვიცი, რომ ეს კეთილდღეობა არის დასავლეთში, სადაც მივისწრაფით ბოლო 30 წელია“ - აღნიშნა მან.