„ბიზნესის ნაწილი მზად არის გაფიცვისთვის, ნაწილი არა. დიდ ბიზნესებუ დუმან. ისინი ცდილობენ არ გაანაწყენონ ხელისუფლება“, - ამის შესახებ „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ დიდი ბიზნესები ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას არ გააპროტესტებენ, საქართველო ტურიზმის კუთხით რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან ამ სექტორზე პოლიტიკური პროცესები დიდ გავლენას ახდენს.
„ასეთი ბიზნესი უამრავია, რომელიც ფიქრობს, რომ მოდი მოვერგები, ვინც უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს.
მე ვარ ერთ-ერთი მაგალითი იმის, რომ ძალიან ხშირად გეუბნებიან, რატომ გადარდებს, თუ ყველაფერი კარგად გაქვს. ბევრი ძალიან ძლიერი ბიზნესი, მათ შორის სასტუმროები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომლებიც განლაგებულია კურორტებზე, მათი უმეტესობა შექმნილ სიტუაციას აპროტესტებს. თუმცა, მთლიანობაში, მე არ მაქვს ბიზნესის იმედი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ბიზნესის მფლობელი, არის შეუგნებელი. ეს სიტყვა განაპირობებს იმას, რომ მათ თუ არ გააცნობიერეს საით მივექანებით, შეიძლება წლები დასჭირდეს ყველაფრის აღდგენას.
ტურიზმი მარტო ბიზნესი არ არის, პოლიტიკაც არის. მაგალითად მოვიყვან იტალიას, რომელიც თავის მოქალაქეებს ეუბნება რომელ ქვეყანაში უნდა წავიდნენ და რომელ ქვეყანაში არ წავიდნენ, სად ემუქრებათ საფრთხე და ა.შ. ამიტომ თუ ეს სიტუაცია არ შეიცვლება, არაფერს აზრი არ ექნება, არც ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს, არც ფრენის სიხშირეების გაზრდას და სხვადასხვა ქვეყანაში გამოფენებზე სიარულს, ტურიზმი ყოველთვის იწყება პოლიტიკით“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.