„მოხდება ძალიან დიდი გადაჯგუფება. მგონია, რომ ეკონომიკურ კრიზისს ვერ ავცდებით, განსაკუთრებით, უახლოეს რამდენიმე თვეში“, - ამის შესახებ „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ დასავლური დაფინანსებით მოქმედი ბევრი პროექტი შეჩერდება, ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ემიგრაციას ქვეყნიდან.
„უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს ყველაფერი. მე თუ მკითხავთ, ალბათ ხალხი უნდა დაეხმაროს ისევ ერთმანეთს. ძალიან ხშირად ვხვდები პოსტებს, რომლითაც მოუწოდებენ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება სამსახურები დაკარგონ, ეუბნებიან, რომ ესპანეთში ორ ადამიანს დავასაქმებ, ჰოლანდიაში სამს. ეს არის გამოსავალი, რომ აქედან კიდევ წავიდეს ხალხი? გარკვეულწილად, შეიძლება არის. ჩვენ შეიძლება როდისმე დაგვჭირდეს ისეთი პროგრამის დაწერა, რომ ერთი მიდის საზღვარგარეთ და სამ ადამიანს შეინახავს. ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
ამიტომ, ვინც ელემენტარულად წერა-კითხვა იცის, იქნებ კერძო სექტორმა დაასაქმოს, იმიტომ, რომ დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ შეწყდება ძალიან ბევრი პროგრამის დაფინანსება. ეს პროგრამები იყო საგანმანათლებლო და ძალიან მაღალი ინტელექტის ადამიანები რომ დაკარგავენ სამსახურს ამ პატარა ქვეყანაში, სად წავლენ. ყველა ხომ ვერ მოახერხებს, რომ მცირე ბიზნესი დაიწყოს თუნდაც. ამიტომ მოხდება ძალიან დიდი გადაჯგუფება. მგონია, რომ ეკონომიკურ კრიზისს ვერ ავცდებით, განსაკუთრებით, უახლოეს რამდენიმე თვეში“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.