„მთავრობა და ეროვნული ბანკი იტყუება, Fitch-მა რეიტინგი არ გაგვიუარესაო. სინამდვილეში რეიტინგის პერსპექტივის მაჩვენებელი “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მომდევნო ნაბიჯი საქართველოს სუვერენული რეიტინგის BB- მდე დაქვეითება იქნება.
„ეს კიდევ ერთი საფეხურით გაუარესებაა. უფრო ადრე გვქონდა “პოზიტიური”, რაც “სტაბილურით” შეიცვალა ( ანუ გაუარესდა). ახლა უკვე “ნეგატიურამდე” დავეშვით. შემდგომი ნაბიჯი უკვე თავად BB რეიტინგის BB- მდე დაქვეითება იქნება. მსგავსი რეიტინგი ქვეყანას 2007 წელს ჰქონდა“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.
მისი თქმით, ეს ნიშნავს „ინვესტიციების შემცირებას, სესხის გაძვირებას ქვეყნისთვისაც და ბიზნესისთვისაც. ბიზნესს თუ მაღალი რეიტინგი აქვს( მაგ. თბს ან საქ. ბანკს), ავტომატურად დაუქვეითდება, რადგან ქვეყნის კომპანიას არ შეიძლება ჰქონდეს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე ქვეყანას. მაგ. თუ ქვეყნის რეიტინგი არის BB- , ვერ ექნება BB ან BB+ რომელიმე კომპანიას. ზოგადად, BB არასაინვესტიციო რეიტინგია. საინვესტიციოა BBB. ინვესტორისათვის რეიტინგი პირველია, რითაც მის რისკებს აფასებს. საერთაშორისო ბრენდები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნებში არ შედიან“.