ვემიჯნებით დიქტატურას, ძალადობას, რეპრესიებს, რუსულ რეჟიმს, - ასე ეხმაურება "ფეისბუქის" გვერდზე ტურისტული კომპანია "ვოიაჟერ 365" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
კომპანიის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ვემიჯნებით: დიქტატურას, ძალადობას, რეპრესიებს, რუსულ რეჟიმს!
ვერაფერს ვიტყვით იმაზე მეტს, ვიდრე ვნახეთ!
სოლიდარობა ჟურნალისტებს, ყველა დაკავებულ ადამიანს და მათი ოჯახის წევრებს," - წერია კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ტვ.პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში. ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირის მიმდებარედ შენიღბული ადამიანების თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ასევე კლინიკაში არიან გადაყვანილი.