"სამარცხვინოა, როცა საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენ საქართველოში და პრორუსულ ხელისუფლებას „აპრავებ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა ივა ჭყონიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„იმ ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართავ, რომლებიც დღეს ჩუმად და კომფორტის ზონაში არიან - შეგრცხვეთ, იმიტომ რომ თქვენი შვილები იქ დგანან, თქვენი შვილის მეგობრები, კლასელები თუ თანაკურსელები დგანან იქ, არბევენ, მაგრამ თქვენ კომფორტის ზონას არ თმობთ.
სამარცხვინოა როცა საქართველოში საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენ და ამ დროს პრორუსულ ხელისუფლებას „აპრავებ“. რა თქმა უნდა არიან ძალიან მაგარი ბიზნესმენები, რომლებიც წარმოადგენენ სხადასხვა დარგობრივ გაერთიანებებს, ნაწილმა განცხადებაც გაავრცელა, აქციაზეც დგანან და აპროტესტებენ. მათ ძალიან კარგად ახსოვთწინა ხელისულების დროს სიჩუმეს რა მოყვა.
არ მიყვარს ასეთი შედარებები მაგრამ მაშინ იყო 1 დღე - 7 ნოემბერი, ახლა კი უკვე მე-1 კვირაზე მეტი წავიდა. როგორ შეიძლება ამდენი ხნის განმავლობაში თვალები დაიბრმავოთ და არ ილაპარაკოთ ხმამაღლა იმაზე რაც ხდება?! ეს არის დანაშაული, რომელსაც ისტორია არ გაპატიებთ,“ - განაცხადა ჭყონიამ.