წელს საქართველოს ეკონომიკა 8.7%-ით გაიზრდება - Fitch-ის პროგნოზი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი წელს საქართველოში 8.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, - ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობის თანახმად, Fitch-ის პროგნოზით, მომავალ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.3%-ს, ხოლო 2026 წელს 5%-მდე შემცირდება.

„რეალური მშპ-ს ზრდა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში წლიურად 10%-იან ზრდას აჩვენებდა, რაც განპირობებული იყო მომსახურების სექტორის, განსაკუთრებით ტურიზმისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ძლიერი მაჩვენებლებით. შედარებით კარგად დივერსიფიცირებული ეკონომიკა, სავარაუდოდ, მდგრადი იქნება მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მიმართ“, - აღნიშნულია სააგენტოს შეფასებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB” დონეზე დატოვა, მაგრამ პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეამცირა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოპოზიცია და დასავლური ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ამასთანავე, საკამათოა ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესი, რომელიც 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს. Fitch-ის აზრით, პოლიტიკური რისკები, სავარაუდოდ, დარჩება „ძალიან მაღალი“ მიმდინარე პროტესტის ფონზე.

„გაჭიანურებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ინვესტორებისა და შიდა ნდობაზე, ამასთანავე, შესაძლოა, მოახდინოს ზეწოლა ლიკვიდობასა და გაცვლით კურსზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს წინ უძღოდა მთავრობის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლამდე, იმ ფონზე, როდესაც ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.

„თუ არეულობა გამწვავდება, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინების შემცირებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.

Fitch-ის შეფასებით, პოლიტიკურმა დაძაბულობამ შესაძლოა, შეაფერხოს ისეთი რეფორმები, როგორიცაა კანონმდებლობის საშუალებით საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა.

მერი ტაბატაძე