„გაჭიანურებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ინვესტორების ნდობაზე“ – Fitch-ის ანგარიში

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB” დონეზე დარჩა, თუმცა პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეამცირა.

ამასთანავე, დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და აღნიშნულია, რომ ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლარიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ოპოზიცია და დასავლური ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ამასთანავე, საკამათოა ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესი, რომელიც 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს. Fitch-ის აზრით, პოლიტიკური რისკები, სავარაუდოდ, დარჩება „ძალიან მაღალი“ მიმდინარე პროტესტის ფონზე.

გაჭიანურებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება შეარყიოს ინსტიტუციური ჩარჩო და გავლენა მოახდინოს ინვესტორებისა და შიდა ნდობაზე, ამასთანავე, შესაძლოა, მოახდინოს ზეწოლა ლიკვიდობასა და გაცვლით კურსზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს წინ უძღოდა მთავრობის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლამდე, იმ ფონზე, როდესაც ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.

„თუ არეულობა გამწვავდება, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინების შემცირებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.

Fitch-ის შეფასებით, პოლიტიკურმა დაძაბულობამ შესაძლოა, შეაფერხოს ისეთი რეფორმები, როგორიცაა კანონმდებლობის საშუალებით საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა.

მერი ტაბატაძე