„ყველამ თავის გულში ჩაიხედოს - რატომ აპროტესტებს ამდენი მშრომელი ხალხი? რა აძლევთ ამდენ ენერგიას?“ - ბექა ბექაია

„ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი, ბექა ბექაია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის „პოსტს“ უცვლელად გთავაზობთ.

„კარგად მახსოვს, 1989 წლის 9 აპრილის წინა პერიოდში საბჭოთა პროპაგანდა ისე მუშაობდა, რომ ზრდასრული ქართველების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეროვნული მოძრაობის ლიდერები (კოსტავა, გამსახურდია, წერეთელი, ჭანტურია და ა.შ.) და ასევე, სტუდენტური მოძრაობის ლიდერები იყვნენ წვერებიანი ნაძირლები, ექსტრემისტები, ნარკომანები, რომლებიც წესიერ, მშვიდობიან მოსახლეობას არ აძლევდნენ ნორმალური ცხოვრების საშუალებას.

როდესაც 9 აპრილს 20-ზე მეტი ადამიანი მოგვიკლეს რუსებმა, მერე მოვიდა ყველა აზრზე, გაერთიანდა ერი და 180 გრადუსით შემოტრიალდა საზოგადოებრივი აზრი.

ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ასე იყო თუ არა და ახლა კიდევ დავფიქრდეთ, მაინცდამაინც ვინმე უნდა მოკვდეს, რომ მივხვდეთ, რომ რუსეთია ჩვენი საერთო მტერი? ხომ უნდა დავფიქრდეთ, რატომ აპროტესტებს ამდენი წესიერი, მშრომელი ხალხი რაღაცას გაუთავებლად, რა უნდათ, რა აძლევთ ამდენ ენერგიას?

ჩვენი გათიშვა და სიძულვილის კულტივაცია არის რუსეთის მთავარი ამოცანა“, - ბექა ბექაია.

მერი ტაბატაძე