“როსსელხოზნადზორმა” აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და რუსეთს აფხაზეთიდან პროდუქციის იმპორტზე არანაირი აკრძალვა არ დაუწესებია,“ - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
6 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ “ინტერფაქსს” განუცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის მიწოდება „სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით“ აკრძალა.
მანდარინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიწოდებას “როსსელხოზნადზორი” აკონტროლებს.
ოქტომბრიდან დღემდე აფხაზეთმა რუსეთს 9 ათას ტონაზე მეტი მანდარინი მიაწოდა, რაც, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5 ათასი ტონით მეტია.
გასულ სასოფლო-სამეურნეო სეზონზე, რომელიც ციტრუსოვან ხილზე ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება, აფხაზეთიდან რუსეთში, დაახლოებით, 25 ათასი ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული.
კრასნოდარის მხარის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სეზონზე მიწოდების მოცულობა, სავარაუდოდ, წინა სეზონზე ნაკლები არ იქნება.
ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2,900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათასი ტონა მოსავალი მოდის.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი მანდარინის იმპორტს, ასევე, თურქეთიდან, მაროკოდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწევა, ხოლო აფხაზური მანდარინი მთლიანი ბაზრის მოცულობის 3-7%-ს შეადგენს, რაც წელიწადში 20-60 ათასი ტონაა.
ზოგადად, რუსეთში საახალწლოდ მანდარინის მკვეთრ, ანუ 20-30%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ. მოსავლის შემცირების მიზეზებს შორის თურქეთში უამინდობას, ხოლო ესპანეთში წყალდიდობას, ასევე, მაროკოდან მანდარინის მიწოდების ლოგისტიკასა და გადახდებში სირთულეებს ასახელებენ. ნოემბერში მანდარინზე საშუალო საბითუმო ფასი კილოგრამზე 92 რუბლამდე (0.92 დოლარამდე) გაიზარდა, საახალწლოდ კი, დაახლოებით, 300 რუბლამდე ზრდას მოელიან. საბითუმო ფასი მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში მიმწოდებლისგან შესყიდვა უკვე, დაახლოებით, 250 რუბლი (2,5 დოლარი) ღირს, ხოლო მყიდველს შესაძლოა, დაახლოებით, 400 რუბლი (4 დოლარი) დაუჯდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ