ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესები ბიზნესზე ძალიან კარგად აისახება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "ბაუსტარის" დამფუძნებელმა მალხაზ სოლომნიშვილმა განუცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ემხრობა პრემიერის ამ გადაწყვეტილებას, რადგან თვლის, რომ ევროკავშირის დაფინანსებაზე უარის თქმა ბიუჯეტზე დიდ გავლენას არ მოახდენს.
„საქართველოზე ეს ყველანაირი კუთხით კარგად აისახება. 2028 წლამდე მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან გვეუბნებიან, რომ 2030 წლამდე მაინც არ მიგვიღებენ. ალბათ, უკეთესი იქნება, 2028 წლამდე, თუ შეჩერებული იქნება მოლაპარაკებები. 30 წელია გვატყუებენ, გვეუბნებიან, რომ მიგვიღებენ და პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ. მე პირადად, სრულებით მხარს ვუჭერ, რა გადაწყვეტილებაც ირაკლი კობახიძემ მიიღო.
როგორც პრემიერი ამბობს, ევროკავშირის დაფინანსებაზე უარის თქმა ჩვენს ბიუჯეტზე დიდ გავლენას არ მოახდენს, 25 მლნ ევროზეა, როგორც ვიცი, საუბარი.
ის, რომ ნენსკრა ჰესი არ აშენდა და ეს საქმე ბოლომდე არ მივიდა, ვარლამ გოლეთიანის გამო 360 მლნ დოლარი ვიზარალეთ. ევროკავშირში გვინდა შესვლა და ჰესი რომ გვქონდეს, არ გვინდა? ელექტროდამოუკიდებლობა არ გვინდა?
ევროპაში ყველას გვინდა, კარგი ცხოვრებაც ყველას გვინდა, მაგრამ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, ამაზე არავინ ფიქრობს. ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესები ბიზნესზე ძალიან კარგად აისახება“, - განაცხადა მალხაზ სოლომნიშვილმა.
28 ნოემბერს, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ მან აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.
იქამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.