„მიმდინარე პროცესები კატასტროფაა როგორც საქართველოსთვის, ასევე ეკონომიკისთვის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას G.Miller International Georgia-ს დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო თავისუფლების დაკარგვის რისკის ქვეშ დგას, რასაც არამხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ მთელი რიგი სექტორებისთვის სავალალო შედეგი ექნება.
„თავისუფალი ეკონომიკიდან ნელ-ნელა გადავდივართ იმ სტილის ეკონომიკაზე, რომელიც არათავისუფალ ქვეყნებში, რუსეთში და სხვაგანაა დამყარებული. ვერანაირი ქვეყანა ვერ შეძლებს თავისუფალი ეკონომიკის განვითარებას თავისუფალი სამყაროს გარეშე. როდესაც ამ თავისუფალ სამყაროს წყდები, ხდები კრიმინალური ქვეყნების სიაში, რომლებსაც აქვს არათავისუფალი ქვეყანა და ყველაფერი ხდება ავტორიტეტის ჩარევით.
მსოფლიოში წარმატებული ქვეყნები არიან მხოლოდ ორი სახის: ქვეყნები, რომლებსაც აქვთ თავისუფლება და თავისუფალი ეკონომიკა, სადაც ადამიანის თვისებები შედეგს იძლევა და ეკონომიკა, სადაც (თუ არ ჩავთვლით ნავთობსა და ბუნებრივ რესურსზე მიბმულ ეკონომიკას) არ არის თავისუფლება, სადაც მოქალაქეები სიღარიბეში კვდებიან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მსგავსი ბუნებრივი რესურსი, გვაქვს ერთადერთი რესურსი - გამოვიყენოთ ფაქტი, რომ მიბმული ვართ თავისუფალ სამყაროზე, გვაქვს რაღაც განათლების დონე საზოგადოებაში და წინ უნდა წავიწიოთ - ეს შესაძლებლობა მიმდინარე მოვლენების შედეგად, ფაქტობრივად, კვდება საქართველოში, ამიტომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს,“ - აღნიშნავს ურუშაძე.
მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო გამოსვლებს, ეფექტი ექნება ეკონომიკაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ეკონომიკას მსხვილი ქალაქები ქმნიან, ისინი კი დღეს ქუჩაში არიან და უსამართლობას აპროტესტებენ.
„ძალიან მძიმე მოვლენებია საქართველოში, ზღვარზე ვართ თავისუფლების დაკარგვის. შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ბანაკში, რასაც არათავისუფალი სამყარო ჰქვია. ის ასი ათასობით მოქალაქე, რომელიც ქუჩაში დგას, ის კატეგორიაა, ვისაც წინ მიჰყავს ხოლმე ეკონომიკა. საქართველოში ეკონომიკა მიბმულია დიდ ქალაქებზე, რადგან ეკონომიკური კატასტროფა გვაქვს რეგიონებში. რეგიონები შიმშილობენ, ზოგიერთ რეგიონში 70% სოციალურად დაუცველია. რეგიონებს არ მიჰყავთ ეკონომიკა წინ, ისინი თვითგადარჩენის მდგომარეობაში არიან და სახელმწიფო აძლევს ფულს, რათა იარსებონ. ეკონომიკა მიჰყავს წინ თბილისს, ბათუმს და დიდი ქალაქებს, რომელიც დღეს ქუჩაში არიან და უსამართლობას ებრძვიან. საკმაოდ სავალალო პროგნოზი მაქვს ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს გახსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.