„აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად“ - ამის შესახებ ინფორმაციას „გორგია“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე.
ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია.ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ განაცხადეს, რომ ყველა ფილიალში აირწინაღების მარაგი ამოეწურათ. რაც შეეხება სათვალეებს და ჩაფხუტებს, მათი მარაგი ზოგიერთ ფილიალში ჯერ კიდევ არის.
ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში "გორგიას" უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, გიორგი რომელაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კომპანიის საწყობში ათასობით პირბადე და სათვალეა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელაშვილმა სამსახური დატოვა.